პარტნიორები როცა მოგვმართავენ, ჩვენ გარკვეული პერიოდით და კონკრეტული მიმართულებებით რუსეთის საჰაერო სივრცეს დრონებისგან გავათავისუფლებთ - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას გარკვეულ დღეებში, რუსეთის ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეჩერება სთხოვა.

„როდესაც ამერიკელებმა მოგვმართეს თხოვნით, 25, 26 და 27 აგვისტოს შეგვეჩერებინა დარტყმები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე, ჩვენ ეს პაუზა დავიცავით. დარტყმები არ ყოფილა. ამ დროს უკრაინაზე დარტყმები ხორციელდებოდა. სხვა სახელმწიფო თუ გვთხოვს, გარკვეული დროით შევაჩეროთ დარტყმები ვლადივოსტოკის მიმართულებით, ამ თხოვნასაც გავითვალისწინებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად მოსკოვში ახალი შეხვედრებისთვის ემზადებიან და უკრაინა ამას გაითვალისწინებს.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რათა რუსეთმა ეს ომი უსასრულოდ არ გააგრძელოს. ომს დასასრული სჭირდება და ლიდერები პუტინს სწორედ ამის შესახებ ეუბნებიან. ამიტომ, დიპლომატიისა და მოლაპარაკებების ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც პარტნიორები ამ საკითხზე მოგვმართავენ, ჩვენ გარკვეული პერიოდით და კონკრეტული მიმართულებებით რუსეთის საჰაერო სივრცეს დრონებისგან გავათავისუფლებთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სახის დარტყმებისგან თავის შეკავება სთხოვა უკრაინას აშშ-მა. მედიის ცნობით, ეს თხოვნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის რუსეთში ვიზიტს უკავშირდებოდა. რეტკლიფი რუსეთს 25 აგვისტოს ეწვია.