მარკო რუბიო რუსეთსა და უკრაინაზე: თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ არ სურთ ომის დასრულება, ომი გაგრძელდება - მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ის დავასრულოთ

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაასახელა მთავარი სადავო საკითხი უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში და თქვა, რაზეა დამოკიდებული ომის დასრულების ვადები.

Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა „იდეალური დროა“ ორივე ქვეყნისთვის ომის დასასრულებლად.

რუბიოს თქმით, აშშ მუშაობს კონფლიქტის დარეგულირებაზე და ცდილობს დაეხმაროს ორივე მხარეს, გადალახონ უთანხმოებები, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას კიევი და მოსკოვი მიიღებენ.

„ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ არ სურთ ომის დასრულება, ომი გაგრძელდება. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ის დავასრულოთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დონეცკის ოლქის ტერიტორიის 20%, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

„ახლა ისინი ფაქტობრივად იბრძვიან 30-50 კილომეტრის ზომის ტერიტორიისთვის, რაც დაახლოებით დონეცკის ოლქის დარჩენილი ტერიტორიის 20%-ია. ჩვენ ვცდილობდით გაგვეგო, და ვფიქრობ, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, რას შეიძლება შეეგუონ უკრაინელები“, - დასძინა მან.