მაკრონი: იმედი გვაქვს, ჩინეთი შეუერთდება ჩვენს ძალისხმევას, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ უკრაინაში, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტას, ერთად უნდა ვიმუშაოთ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად

ემანუელ მაკრონი

იმედი გვაქვს, ჩინეთი შეუერთდება ჩვენს ძალისხმევას, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ უკრაინაში, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტას. ერთად უნდა ვიმუშაოთ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონი იმედოვნებს, რომ ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება შესაძლებელი იქნება.

„მჯერა, რომ ორივეს გვესმის ვითარების სიმძიმე და ჭეშმარიტად მტკიცე, მდგრადი მშვიდობის აუცილებლობა. თქვენ იცით, რამდენად ერთგულია საფრანგეთი ამ საკითხში. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია და მჯერა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რთა უზრუნველვყოთ კომპრომისების პოვნა, ამავდროულად საერთაშორისო სამართლის, სტაბილურობის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში. იმედი მაქვს, ჩინეთი შეუერთდება ჩვენს მოწოდებას და ძალისხმევას, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ უკრაინაში, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტას კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული დარტყმების მორატორიუმის სახით. ეს მნიშვნელოვანია მომავალი ზამთრისთვის, რადგან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დღესაც რუსეთის მხრიდან ცეცხლის ქვეშაა. უფრო ფართო გაგებით, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, ჩინეთ-საფრანგეთის ურთიერთობებზე საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ უნდა გადალახოს უთანხმოებები.

„ზოგჯერ არსებობს უთანხმოებები, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი გადალახვა საერთო სიკეთისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი კვლავ ერთგული რჩება უკრაინასა და ღაზაში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ.

„როგორც არ უნდა შეიცვალოს გარემო, ჩვენმა ორმა ქვეყანამ ყოველთვის უნდა აჩვენოს დიდი სახელმწიფოების დამოუკიდებლობა და სტრატეგიული ხედვა“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ამასთან, სი ძინპინმა მაკრონს მოუწოდა, გააღრმაონ თანამშრომლობა ბირთვული ენერგიის, ხელოვნური ინტელექტის, მწვანე ეკონომიკისა და ბიოფარმაცევტიკის სფეროში.

ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ჩინეთში.