კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ კანადა

კანადამ სამშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

ოფიციალური პირების განცხადებით, 8 სექტემბრიდან, კანადა გეგმავს 15%-დან 50%-მდე ტარიფები დააწესოს დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე, რაც აშშ-იდან იმპორტის საერთო მოცულობის დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

პროდუქციას შორის, რომელზეც კანადა ტარიფების დაწესებას გეგმავს, არის ამერიკული ფოლადი, ალუმინი, მოტოციკლები, სარეცხი და საშრობი მანქანები, ჯაჭვური ხერხები, დამუშავებული ყველი და გაყინული რვაფეხა.

ოფიციალური პირების თქმით, ამერიკულ ფოლადსა და ალუმინზე უკვე მოქმედებდა 25%-იანი ტარიფი, თუმცა ახლა ის ორმაგდება და 50%-ს მიაღწევს.

კანადელი ოფიციალური პირების განცხადებით, საპასუხო ტარიფების პაკეტი შექმნილია იმ შიდა ბაზრის წილის დასაცავად, რომელზეც ამერიკულმა ტარიფებმა პირდაპირი გავლენა იქონია.

ზოგიერთი სავაჭრო ანალიტიკოსისა და ეკონომისტის შეფასებით, ტარიფები სავარაუდოდ ასევე მიზანმიმართულად დაარტყამს იმ კომპანიებს, რომლებიც „რესპუბლიკელთა“ კონგრესმენების ოლქებში მდებარეობენ.