კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი ლიბანის არმიას 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს

კაია კალასი

ევროკავშირი ლიბანის არმიას 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს.

მისი თქმით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ შექმნილი საფრთხის გასანეიტრალებლად საუკეთესო გზა ლიბანის სახელმწიფოს გაძლიერებაა.

„ისრაელსა და ლიბანს შორის ბოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების თავიდან აცილების შანსს იძლევა, თუმცა გაერო-ს სამშვიდობო მისიის წევრის დაღუპვა და შეტაკებების გაგრძელება შეთანხმების არასტაბილურობას უსვამს ხაზს. „ჰეზბოლას“ მიერ შექმნილი საფრთხის შემცირების საუკეთესო გზა ლიბანის სახელმწიფოს გაძლიერება, მისი ინსტიტუტების გაძლიერება და მისი ძალის აღდგენაა. ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, ევროკავშირი დღეს ლიბანის შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფას დასთანხმდა“, – აცხადებს კალასი.

ცნობისთვის, 3 ივნისს ლიბანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმდნენ. მხარეებმა კონსენსუსს ვაშინგტონში მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ზონების შექმნას, სადაც ლიბანის შეიარაღებული ძალები კონტროლს დაამყარებენ. მხარეები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებს 22 ივნისს განაახლებენ ყოვლისმომცველი შეთანხმების მიზნით.