კაია კალასი: აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე მოლაპარაკებები ევროპის სახელით აწარმოოს

კაია კალასი

აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე მოლაპარაკებები ევროპის სახელით აწარმოოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა „ფრანც 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების მოხსნისა და გაყინული აქტივების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ევროპას  შეუძლია.

„ცხადია, არსებობს ევროპული ინტერესები. თუ დავფიქრდებით, რეალურად რა სურს რუსეთს ამ მოლაპარაკებებისგან, ეს არის სანქციების მოხსნა, ასევე გაყინული აქტივების გათავისუფლება. ეს ევროპის გადაწყვეტილებებია და მათ ევროპის გარდა ვერავინ მიიღებს. რა თქმა უნდა, რუსეთს არ სურს ევროპასთან საუბარი, რადგან მისთვის უფრო მარტივია აშშ-თან საუბარი. თუმცა, იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი გადასაწყვეტია, აშშ ჩვენი სახელით მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ამისთვის კი საჭიროა, ვიყოთ მტკიცე და ერთიანი ჩვენს გზავნილში. რუსეთთან სასაუბროდ მრავალი განსხვავებული ფორმატი არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც რუსეთს ესაუბრება, ერთი და იმავე გზავნილი გადასცეს“, – განაცხადა კაია კალასმა.

✕