"საუბარი იყო გადარჩენა-არგადარჩენაზე, ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო..." - ცისანა სეფიაშვილი
1773252558
ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს, - წერს ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post.
„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში დასაბომბი „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა“, რითაც ომის მალე დასრულებისთვის ნიადაგი მოამზადა და ეს იმ ცნობების ფონზე, რომლების მიხედვითაც, ისლამური რეჟიმის სახმელეთო ძალების უდიდესი ნაწილი კვლავ ბრძოლისუნარიანია“, - ნათქვამია სტატიაში.
The Jerusalem Post-ის რეპორტიორი, იონა ჯერემი ბობი სამშაბათს იტყობინებოდა, რომ ერთობლივი ოპერაციების დაწყების შემდეგ ლიკვიდირებული 1 900 ირანელი ჯარისკაცი და ოფიციალური პირი მხოლოდ „წვეთია ზღვაში“ იმ სამხედრო ძალებთან შედარებით, რომელიც რეჟიმს ამჟამად ხელთ აქვს.
შედარებისთვის, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და სადაზვერვო ოფიცერი, მარკ სილინსკი თავის 2021 წლის წიგნში „ტერორის იმპერია“ ვარაუდობდა, რომ ირანის არმია დაახლოებით 400 000 მებრძოლს აერთიანებდა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - დაახლოებით 125 000-ს, ხოლო „ბასიჯის“ დაჯგუფება - 1-დან 2 მილიონამდე ადამიანს, რომელთაგან 200 000 ორგანიზაციის აქტიური და ერთგული წევრი იყო.
ისრაელის მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ რეალური დანაკარგების, მრავალი სამეთაურო ცენტრის განადგურებისა და უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, ისევე როგორც 2025 წლის ივნისში ლიკვიდირებული მაღალჩინოსნების ყველა შემცვლელის მკვლელობის ერთობლიობა საკმარისი იქნება რეჟიმის ფართომასშტაბური და ხანგრძლივი დასუსტებისთვის, რათა ირანელ მომტინგეებს საბოლოოდ მიეცეთ მათი დამარცხების შანსი.
AXIOS-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირებისთვის არ მიუციათ მკაფიო მინიშნება იმის შესახებ, თუ როდის დასრულდება ოპერაციები, მაშინ როცა თავად ტრამპმა ომის დასაწყისში განაცხადა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად „დაახლოებით ოთხიდან ხუთ კვირამდე“ იქნებოდა საჭირო.