ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი არ შესრულდება - ისრაელ კაცი

ისრაელ კაცი

ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი არ შესრულდება და გამარჯვებით არ დასრულდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო ოპერაცია დროის შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება.

როგორც ისრაელ კაცმა აღნიშნა, ისრაელი და აშშ „სისტემურ და შთამბეჭდავ ოპერაციებს ახორციელებენ ირანის რეჟიმის წარმომადგენლების, „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა“ და „ბასიჯის“ წინააღმდეგ“.

ისრაელ კაცის განმარტებით, „ბასიჯი“ ირანში სახელმწიფო მილიციაა, რომელიც ქვეყნის შიდა საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივ ჩახშობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანში განხორციელებული დარტყმების ერთ-ერთი მიზანია „ირანელი ხალხისთვის შესაძლებლობის მიცემა, წამოდგნენ, იმოქმედონ და დაამხონ ეს რეჟიმი“. მისივე თქმით, საბოლოოდ ეს თავად ირანელებზეა დამოკიდებული.

ამასთან, როგორც ისრაელ კაცმა განაცხადა, თავდასხმებს გადარჩენილი ირანის ლიდერები „მშიშარათა ჯგუფია“, რომლებიც „ქუჩებში ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს ესხმიან თავს და სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვაში არიან სპეციალიზებული“.

მისივე თქმით, ირანის ხელისუფლება უკვე იმუქრება იმ ადამიანების მოკვლით, რომლებიც საპროტესტო აქციებში მიიღებენ მონაწილეობას.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად ირანში ათასობით სამხედრო და მეთაური არის ლიკვიდირებული. მისივე თქმით, ისრაელი აგრძელებს ოპერაციას, რომელიც „ირანის რეჟიმსა და მის საფუძვლებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს”.

„აქედანვე ვეუბნები ჩვენს ყველა მტერს, რომ არავინ არის ხელშეუხებელი. ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ ყველას, ვინც ისრაელის მოქალაქეების დაზიანებას შეეცდება“, – განაცხადა ზამირმა.