1794829587
იოჰან ვადეპული: უკრაინის მხარდაჭერის ტვირთი ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას არ უნდა დააწვეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს და ფინანსური ტვირთი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაზე არ უნდა გადანაწილდეს. ამის შესახებ ვადეპულმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას ომის პირობებში კიდევ ერთი მკაცრი ზამთრისთვის მომზადებაში. ამისთვის საჭიროა დამატებითი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ენერგომომარაგებისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. ამასთან, აუცილებელია ტვირთის სამართლიანი გადანაწილება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც აცხადებს, რომ 2027 წელსა და მომდევნო წლებში უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ყველა წევრის საერთო პასუხისმგებლობაა და საკითხი გაერთიანების გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. უკრაინის შემდგომ ფინანსურ დახმარებაში მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი.








