გლობალური დათბობის გამო ხმელთაშუა ზღვაში შხამიანი თევზები მომრავლდნენ

შხამიანი თევზი

ხმელთაშუა ზღვის სწრაფი დათბობის გამო, საბერძნეთის სანაპიროებთან მასობრივად ვრცელდება საშიში ვერცხლისფერი თევზი-ფუგუ (Lagocephalus sceleratus), რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეთევზეობის დარგს. უცხო გარემოდან შემოჭრილი სახეობის პოპულაციის შესაკავებლად, ქვეყნის მთავრობამ აამუშავა საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მეთევზეებს თითოეულ კილოგრამ დაჭერილ თევზზე 5,33 ევროს გადაუხდიან, – წერს Bloomberg-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს თევზი ხმელთაშუა ზღვაში ინდოეთის ოკეანის ტროპიკული წყლებიდან, სუეცის არხის გავლით მიგრირდა. მას აქვს კბილები, რომლებითაც ფოლადის კონსერვის ქილების გაკვნეტაც კი შეუძლია, ხოლო მისი ორგანიზმი შეიცავს ნეიროტოქსინს, რომელიც ციანიდზე დაახლოებით 1000-ჯერ უფრო შხამიანია. ამის გამო, მას ბუნებრივი მტრები თითქმის არ ჰყავს.

ეს სახეობა საბერძნეთის წყლებში პირველად 2005 წელს გამოჩნდა, თუმცა ბოლო წლებში მისი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.