ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს - აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
1760960229
დღეს გამთენიისას ტექნოლოგიური გიგანტი Amazon Web Services (AWS) მასშტაბურ ტექნიკურ შეფერხებას შეეჯახა, რომელმაც დროებით გამორთო მსოფლიოს ათეულობით აპლიკაცია და ვებსაიტი, მათ შორის Amazon, Alexa, Signal, Snapchat, Fortnite, ChatGPT, Canva, Duolingo, Coinbase, Zoom, Roblox, Slack და მრავალი სხვა.
AWS-ის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანიამ დააფიქსირა "შეცდომების გაზრდილი მაჩვენებლები და შეფერხებები" მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სერვერულ ზონაში — US-EAST-1 რეგიონში, რომელიც მსოფლიოს მრავალი ციფრული სერვისის ბირთვს წარმოადგენს.
Amazon Web Services (AWS) არის Amazon-ის სერვისი, რომელიც უამრავ ვებსაიტსა და აპლიკაციას მუშაობაში ეხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, როცა იყენებ Snapchat-ს, Canva-ს ან ChatGPT-ს, ეს აპები რეალურად შენი ტელეფონის ნაცვლად Amazon-ის კომპიუტერებზე მუშაობენ, რომლებსაც უბრალოდ ინტერნეტით უკავშირდები.
შეფერხებამ გავლენა იქონია არა მხოლოდ გართობისა და კომუნიკაციის აპებზე, არამედ ფინანსურ სერვისებზეც — Downdetector-ის მონაცემებით, პრობლემები დაფიქსირდა ისეთი ბანკების მომხმარებლებთან, როგორებიცაა Halifax, Lloyds და Bank of Scotland.
ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურის ვებსაიტმაც კი (HMRC) დროებით შეწყვიტა მუშაობა.
AWS-ის ინჟინრები აცხადებენ, რომ "დაუყოვნებლივ ჩაერთნენ პროცესში და აქტიურად მუშაობენ მიზეზის დასადგენად და პრობლემის აღმოსაფხვრელად".
შეფერხების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა AWS-ის მსგავსი ავარიები ამ რეგიონში უკვე დაფიქსირდა წინა წლებში — 2020, 2021 და 2023 წლებში — და თითოეულ შემთხვევაში მომსახურების სრულად აღდგენას რამდენიმე საათი დასჭირდა.