1760972020
ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს - აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა

ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქის N14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას ბაღების მართვის ცენტრი ავრცელებს.
„ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქის N14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს ე.მ-ს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ცენტრის რეაგირება იყო მყისიერი, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას. მიმდინარეობს გამოძიება.
სსდმ ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები. ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე იმყოფებოდნენ ჩვენი ცენტრის იურისტი და ცენტრის დირექტორის მოადგილე.
ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.