1760977634
თამარ ჩიბურდანიძე: ახალი განათლების რეფორმა ვერ ვიტყვი, რომ დროულია, პირიქით - დაგვიანებულია

საქართველოში უკვე დასრულდა ფასადური პოლიტიკის ეპოქა, სრულდება ფასადური განათლების ეპოქაც, რომელიც ქვეყნისთვის დამანგრეველი ძალის იყო, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისი თქმით, ახალი განათლების რეფორმა, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს სააკაშვილის გუნდის მიერ განხორციელებული განათლების რეფორმა დაგვიანებულიც კია.
„საქართველოში უკვე დასრულდა ფასადური პოლიტიკის ეპოქა, სრულდება ფასადური განათლების ეპოქაც, რომელიც ქვეყნისთვის დამანგრეველი ძალის იყო.
სამწუხაროდ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს სააკაშვილის გუნდის მიერ განხორციელებული განათლების რეფორმა და სწორედ ამიტომ, ახალი განათლების რეფორმა ვერ ვიტყვი, რომ დროულია, პირიქით - დაგვიანებულია.
მსურს ახალგაზრდებს ვუამბო იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტები ლექტორები და შევახსენო, სააკაშვილმა სიტყვა „ჩარეცხილების“ გამოყენებით, როგორ მოიშორა თავიდან ქვეყნის ის სამეცნიერო ელიტა, რომლებმაც მართლაც ღირებული სამეცნიერო კვლევები დადეს და შექმნეს სამეცნიერო ისტორია. უნივერსიტეტიდან გაყარეს გოგი გოგოლაშვილი, თამარ კიკნაძე, ავთანდილ არაბული და სხვები, მათ ადგილას კი მიიყვანეს თეა თუთბერიძე, სერგი კაპანაძე და სხვები.
სააკაშვილმა კარგად იცოდა, რომ ქვეყნის დასამორჩილებლად აუცილებელი იყო განათლების სისტემის დამორჩილება. ყველა მოაზროვნე, ვისაც მართლა ჰქონდა განათლება და იყო წონადი ქართულ სამეცნიერო სივრცეში, თავიდან მოიშორეს და დატოვეს უმუშევარი,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.