1764269819
FBI-ს დირექტორმა დაადასტურა, რომ პირს, რომელმაც აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრა, კავშირი ჰქონდა აშშ-ის ძალებთან ავღანეთში
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა დაადასტურა, რომ პირს, რომელმაც აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრა, კავშირი ჰქონდა აშშ-ის ძალებთან ავღანეთში.
ეჭვმიტანილს, რაჰმანულა ლაკანვალს „ავღანეთში ჰქონდა ურთიერთობა პარტნიორ ძალებთან“, – განუცხადა პატელმა ჟურნალისტებს.
ლაკანვალი შეერთებულ შტატებში 2021 წელს ჩავიდა. მან 2024 წელს მოითხოვა თავშესაფარი და ის მიიღო 2025 წლის აპრილში.
პატელის თქმით, მისი კავშირები აშშ-თან ავღანეთში მიმდინარე გამოძიების ნაწილია.
„ჩვენ სრულყოფილად ვიძიებთ მისი წარსულის ამ ასპექტსაც, მათ შორის ნებისმიერ ცნობილ თანამზრახველს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ ან აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - დასძინა მან.
აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე თეთრ სახლთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ვაშინგტონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სროლა მოხდა მე-17 და 1-ლი ქუჩების კვეთაზე, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის 2 მოსამსახურე დაიჭრა. ისინი კლინიკაში იმყოფებიან. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ტრამპმა განაცხადა, ის მძიმედ არის დაჭრილი. მისი მოტივები უცნობია.










