ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

ირანი-ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხუთშაბათს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ევროკავშირის დიპლომატების განცხადებით, სანქციების სამიზნე ის პირები და ორგანიზაციები არიან, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების სასტიკ დარბევასა და რუსეთის მხარდაჭერაში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ სანქციები ვრცელდება ირანის მთავრობის, სასამართლო სისტემის, პოლიციისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინტერნეტ ცენზურაზე.

ასევე მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხუთშაბათს მიაღწევენ პოლიტიკურ შეთანხმებას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თაობაზე.