შესაძლოა ტემპერატურა - 30 გრადუსით დაეცეს - CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება
1769694300
ჩვენი ეპიზოდური მეხსიერება — წარსული მოვლენებისა და გამოცდილების გახსენების უნარი, ასაკთან ერთად ქვეითდება. გამოცანად რჩებოდა, ზუსტად როგორ და რატომ, რისი ამოხსნაც ახალმა კვლევამ განიზრახა.
ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევრებს სურდათ, დაედგინათ, მეხსიერების ეს გაუარესება ყველას თანაბრად ეხება თუ შეიძლება განპირობებული იყოს ინდივიდუალური რისკ-ფაქტორებით, მაგალითად, როგორიც არის ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული გენი APOE ε4.
მათი ანალიზის მასშტაბები შთამბეჭდავია. მეცნიერებმა გააერთიანეს კოგნიტურად ჯანმრთელი 3737 მონაწილის მონაცემები, რომლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდნენ; მათ შორის იყო 10 343 მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება და 13 460 მეხსიერების შეფასება მრავალი გრძელვადიანი კვლევიდან.
„ათეულობით კვლევითი კოჰორტის მონაცემის ინტეგრირების შედეგად, ახლა ხელთ გვაქვს ამ დროისათვის ყველაზე სრულყოფილი სურათი იმისა, როგორ ვითარდება ტვინში სტრუქტურული ცვლილებები ასაკთან ერთად და როგორ უკავშირდება ისინი მეხსიერებას“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ნეირომეცნიერი ალვარო პასკუალ-ლეონი.
შედეგებმა კომპლექსური სურათი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ჰიპოკამპუსი (ტვინის რეგიონი, რომელიც მეხსიერებისა და სწავლის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს) აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მეხსიერების დაქვეითება დაკავშირებული არ იყო მხოლოდ ერთ ზონაში ცვლილებებთან.
თავის ტვინის ქსოვილის მოცულობის შემცირება დაკავშირებული აღმოჩნდა ეპიზოდური მეხსიერების გაუარესებასთან, რაც არც იყო გასაკვირი, მაგრამ კავშირი ერთგვაროვნებისგან შორს იყო. ასაკთან ერთად, ეს უფრო მკაფიო გახდა, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ და ყველაზე ძლიერი იყო იმ მონაწილეებში, რომელთა ტვინიც მოცულობაში საშუალოზე უფრო სწრაფად მცირდება.
იმ მონაწილეებში, რომლებიც APOE ε4 გენს ატარებდნენ, მკვლევრები დააკვირდნენ ტვინის ქსოვილის მოცულობის უფრო სწრაფად შემცირებას და მეხსიერების გაუარესებას, ვიდრე სხვა მონაწილეებში. თუმცა, ზოგადი ტრაექტორია იგივე არ იყო.
„კოგნიტური დაქვეითება და მეხსიერების დაკარგვა უბრალოდ დაბერების შედეგი არ არის, მაგრამ ინდივიდუალური წინასწარგანწყობებისა და ასაკობრივი პროცესების გამოვლინებები ხელს უწყობენ ნეიროდეგენერაციულ პროცესებსა და დაავადებებს“, — ამბობს ალვარო პასკუალ-ლეონი.
კვლევის შედეგები მრავალი კითხვას აჩენს და ზოგიერთ პასუხსაც გვთავაზობს, მაგრამ საერთო ჯამში მიუთითებს, რომ მეხსიერების დაკარგვა აუცილებლად არ არის დაბერებისგან განცალკევებული პროცესი და რომ რაც უფრო ვბერდებით, ტვინში მით მეტ ცვლილებას აქვს გავლენა მეხსიერებაზე.
კვლევა ასევე მნიშვნელოვანია მეხსიერების დაკარგვის შენელების ან პრევენციის საშუალებებისთვის — საჭიროა, რომ მათ მიზანში ამოიღონ თავის ტვინის მრავალი ზონა და მკურნალობა შეიძლება ყველაზე ეფექტიანი იყოს მაშინ, თუ ის რაც შეიძლება ადრე დაიწყება. კარგი ამბავი ისაა, რომ დიდი ალბათობით, იგივე თერაპიები იმუშავებს APOE ε4 გენის როგორც მქონეების, ისე არმქონეებისთვის, რადგან როგორც ჩანს, საფუძველი მექანიზმები საერთოა.
სულ უფრო აშკარა ხდება, რომ სიბერეში მეხსიერების გაუარესებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, როგორც კოგნიტურ შესაძლებლობათა უფრო ფართო ნაკრების ნაწილი. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ამ ფაქტორთა შესახებ, მით უფრო უმჯობესდება მათი მართვის შანსები.
„ჩვენი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ასაკში მეხსიერების დაქვეითებას ტვინის მხოლოდ ერთი რეგიონი ან ერთი გენი კი არ განაპირობებს, არამედ ფართო სპექტრის ბიოლოგიური მოწყვლადობები ტვინის სტრუქტურაში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გროვდება“, — ამბობს ალვარო პასკუალ-ლეონი.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.