სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
დიდ ბრიტანეთში ახალი სამედიცინო კვლევა იწყება, რომლის მიზანია სისხლის ერთი ნიმუშით რამდენიმე სახის კიბოს შესაძლო ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. პროექტში ინგლისის მასშტაბით 20 000-ზე მეტი პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.
კვლევა, სახელწოდებით STRIDE-RCT, სულ მცირე 200 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. მასში 45 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებსაც ექიმთან მუცლის არეში დისკომფორტის, მუდმივი შებერილობის ან სხვა მსგავსი სიმპტომების გამო მიმართეს.
მეცნიერები სისხლის რამდენიმე თანამედროვე ტესტის ეფექტიანობას შეამოწმებენ. ტექნოლოგიები ხელოვნურ ინტელექტსა და სისხლში არსებული ცილების, ბიომარკერებისა და სიმსივნურ უჯრედებთან დაკავშირებული ნაწილაკების ანალიზს იყენებს.
კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბოს ისეთ ფორმებს, რომელთა ადრეული დიაგნოსტიკა ხშირად რთულია. მათ შორისაა პანკრეასის, კუჭის, ნაწლავის, ღვიძლის, საკვერცხეების, პროსტატისა და სხვა ორგანოების სიმსივნეები.
ერთ-ერთი ტესტი სისხლში 32 ბიომარკერს ერთდროულად აანალიზებს და მიღებული მონაცემების საფუძველზე ექიმს ეხმარება განსაზღვროს, საჭიროებს თუ არა პაციენტი დამატებით გამოკვლევებს.
მკვლევრების მიზანია, ახალი მეთოდით კიბოს შესაძლო ნიშნები უფრო ადრე გამოვლინდეს და პაციენტები საჭირო დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე დროულად გადამისამართდნენ.
თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დადებითი პასუხი კიბოს დიაგნოზს არ ნიშნავს - ის მხოლოდ დამატებითი გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებს.
კვლევის შედეგები მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში უნდა შეფასდეს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად ეფექტიანია ეს მეთოდები და შესაძლებელია თუ არა მათი ფართო გამოყენება ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში.
სპეციალისტების შეფასებით, წარმატების შემთხვევაში, მსგავსი ტექნოლოგიები შესაძლოა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება გახდეს.