დონალდ ტუსკი: მოლდოველმა ერმა და პირადად მაია სანდუმ არა მხოლოდ გადაარჩინეს დემოკრატია და შეინარჩუნეს ევროპული კურსი, არამედ შეაჩერეს რუსეთი მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობებში

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული მმართველი პარტიის გამარჯვებამ „ყველას კარგი გაკვეთილი ასწავლა“.

მისი თქმით, ამ არჩევნებში გამარჯვებას მოლდოველი ერისა და პირადად პრეზიდენტის, მაია სანდუს გამბედაობა დასჭირდა.

„ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოველ ერსა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა დასჭირდათ. თქვენ არა მხოლოდ გადაარჩინეთ დემოკრატია და შეინარჩუნეთ ევროპული კურსი, არამედ შეაჩერეთ რუსეთი მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობებში. ეს ყველასთვის ღირებული გაკვეთილია“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს, 24.26 პროცენტით. ბარიერი გადალახა და 7.99 პროცენტით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით. „ჩვენი პარტია“ 6.21 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიაა 5.63 პროცენტით.