დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პიტ ჰეგსეტს დაავალა, აშშ-მა სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნები შეამციროს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის მდივანს, პიტ ჰეგსეთს დაავალა, სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნები შეემცირებინა. მისივე თქმით, მსგავსი წვრთნები, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ძვირი ჯდება, ასევე მტრულ სიგნალს უგზავნის ჩრდილოეთ კორეას, რომლის ლიდერიც დონალდ ტრამპის მიმართ დადებითად არის განწყობილი და შტატებს საფრთხეს არ უქმნის.

ამავდროულად, დონალდ ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეამ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში დახმარებაზე უარი განუცხადა.

„ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, უკმაყოფილო ვიყავი იმ ფაქტით, რომ შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას. ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირია, რადგან ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს (როგორც ყოველთვის!), არამედ სრულიად შეუფერებელ და მტრულ სიგნალს უგზავნის ქვეყანას, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას საფრთხეს არ უქმნის და პატივისმცემითაა განწყობილი. ამიტომ, და იმის გათვალისწინებით, რომ გაუქმება უკვე გვიანი იყო, მე დავავალე ომის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ერთობლივი სამხედრო წვრთნები! თუმცა ცოტა ხნის წინ ვკითხე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, სურდათ თუ არა, შემოგვერთებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის დენუკლეარიზაციაში და მათ მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გასულ კვირაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობაა“.