დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის კომუნიკაციას - ნედ პრაისი

ნედ პრაისი

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანსა ან მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის კომუნიკაციას“ - ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე გააკეთა.

ნედ პრაისის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დემოკრატიის მშენებლობის პროცესში საქართველოს გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

„როგორც ყველამ იცით, ევროპულმა საბჭომ გაუფართოვა საქართველოს ევროპული პერსპექტივის სტატუსი, რეფორმების საგზაო რუკასთან ერთად, რომელიც საქართველომ, სრული კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ევროკავშირთან მიერთებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ, თუმცა, ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის რიტორიკა, როგორ ჩანს, გამიზნულია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ მიზანს გადაუხვიონ. ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო თბილისში, მოწოდებულები არიან ქართველ ხალხთან სამუშაოდ, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე, არ შეესაბამება პარტნიორებს შორის კომუნიკაციას და გავაგრძელებთ ჩვენი საერთო მიზნების მხარდასაჭერად ფოკუსირებას. დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენ 30 წელია მხარდამხარ ვმუშაობთ და ეს უცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და მთლიანად რეგიონის უსაფრთხო მომავალი უზრუნველყოს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გავაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რუსეთის მიერ, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის დასასრულებლად“,  - განაცხადა ნედ პრაისმა.