დაკავებულთა რეკორდული რიცხვი, ერთი გარდაცვლილი და დაშავებული პოლიციელები - საფრანგეთში მაღალი ფასებისა და საჯარო სერვისების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

პარიზი

პროტესტი მაღალი ფასებისა და საჯარო სერვისების წინააღმდეგ. დაკავებულთა რეკორდული რიცხვი, ერთი გარდაცვლილი და დაშავებული პოლიციელები - ასე გათენდა 18 ოქტომბერი საფრანგეთში. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, პროტესტის 1800 მონაწილე დაკავებულია, დაშავებულია ასობით პოლიციელი. პარიზის საპროტესტო აქციაზე დაკავებების დროს, ერთი დემონსტრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციები არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა გადაწვეს მერია, გაძარცვეს მაღაზიები, შენობები გრაფიტით შეღებეს. სხვადასხვა ქალაქში, ძალადობრივი ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ. დაშავებულია 500-ზე მეტი პოლიციის ოფიცერი.

გაზრდილი საყოფაცხოვრებო ხარჯები და გაუარესებული საჯარო სერვისები - ამ საკითხებს უკავშირდება საფრანგეთის ათობით ქალაქში გამართული მსვლელობებში, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. სოციალური პირობებით უკმაყოფილო მოქალაქეები სტუდენტურ მოძრაობას შეუერთდნენ, რომელიც საფრანგეთში ერთი თვეა, მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო. თუმცა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა იერში მიიტანეს სამთავრობო შენობებზე, გაძარცვეს ძვირად ღირებული მაღაზიები და სუპერმარკეტები. თავს დაესხნენ სამართალდამცველებს. დაწვეს პოლიციის თანამშრომლების მანქანები.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, უკვე არსებობს მოძალადე დემონსტრანტების იდენტიფიცირებისთვის საკმარისი ვიდეომასალა. მან ამავე გააკრიტიკა ულტრამემარცხენე ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც მისი თქმით, ღიად მოუწოდეს საზოგადოებას აჯანყებისკენ.

დარბეული ადმინისტრაციული შენობები, დამტვრეული ვიტრინები, დამწვარი ველოსიპედები, საღებავით მოხატული კედლები - ასე გამოიყურება პარიზი ახლა. იგივე მდგომარეობაა ქვეყნის მასშტაბით, ლილიდან მარსელამდე და სტრასბურგიდან ბორდომდე. ქალაქებში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები დაიწყო. ლიმოჟში ქალაქის მერიის 143-წლოვან შენობაზე მიყენებულ ზარალს აფასებენ, რომელიც ცეცხლის წაკიდების შედეგად ნაწილობრივ განადგურდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ძალადობით "ვერ შეშინდება" და არეულობაზე პასუხისმგებლობა "ულტრამემარცხენეებსა" და დამნაშავეებს დააკისრა.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის და დაისჯება ყველა, ვინც თავს დაესხა პრეფექტურებსა, მერიებს და ბიზნესობიექტებს.

საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტი მაკრონი ფრანგ ხალხს დღეს, პარიზის დროით, 8 საათზე მიმართავს.

პროტესტი ერთი თვის წინ, პარიზის გარეუბნების სკოლებში არსებული პირობებისა და მასწავლებელთა დეფიციტის გამო დაიწყო, შემდეგ კი ფართო მოძრაობაში გადაიზარდა.

✕