მოსალოდნელია ძლიერი ქარი - სინოპტიკოსის გაფრთხილება მოსახლეობას
1774609677
ირანში ომი რუსეთის შერყეული ეკონომიკისთვის ნამდვილი მაშველი რგოლი აღმოჩნდა, - წერს ტელეკომპანია CNN სტატიაში სათაურით „ირანის კონფლიქტი რუსეთის „ომის მანქანისთვის“ დიდი შეღავათია და საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება“.
ნავთობზე მაღალი ფასები კრემლის სალაროს ავსებს, რაც ფედერალურ ბიუჯეტში არსებული დეფიციტის აღმოფხვრასა და უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელებას უწყობს ხელს.
თუმცა, ნავთობის მიღმა, ბუნებრივ აირსა და სასუქებზე გლობალურმა დეფიციტმა - რასაც ირანის კონფლიქტით გამოწვეული მიწოდების შეფერხებაც განაპირობებს - შესაძლოა რუსეთის ფინანსური მოგება კიდევ უფრო გაზარდოს.
„ირანის კონფლიქტიდან ყველაზე მეტ სარგებელს რუსეთი ნახულობს“, - განაცხადა ბენ კეჰილმა, ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ცენტრის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) უფროსმა მკვლევარმა.
მან ასევე დასძინა, რომ კრემლს ახლა შეუძლია ადრე ფასდაკლებით გაყიდული რუსული ნედლი ნავთობი „სრულ საბაზრო ფასად“ გაყიდოს, რაც ეკონომიკისთვის „საკმაოდ სერიოზული შემობრუნებაა“.
რუსეთის სახელმწიფო ფინანსებისთვის ეს მოულოდნელი მოგება გადამწყვეტ მომენტში მოვიდა. ირანის ომამდე „რუსეთი ნამდვილი საბიუჯეტო კრიზისისკენ მიექანებოდა“, - განაცხადა ალექსანდრა პროკოპენკომ, ბერლინში მოქმედი „კარნეგის რუსეთ-ევრაზიის ცენტრის“ მკვლევარმა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის ბოლო კონფლიქტს ფუნდამენტურად არ შეუცვლია იმ ეკონომიკის პერსპექტივა, რომელიც ხანგრძლივმა ომმა სტრუქტურულად დააზიანა, მან ქვეყანას „დრო მოუგო“, - განუცხადა მან CNN-ს.