ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა - სასამართლოზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

ლევან ჯანგველაძე

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე, დღეს, მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე იმსჯელა, რომლებსაც გამოძიება ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, მათ შორის, ამავე საქმეზე მსჯავრდებული სანდრო წივწივაძე.

ძმები მიქაძეების ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის თქმით, ისეთი რაღაცები მოუყვა სასამართლოს სანდრო წივწივაძემ, მას 8 წელი კი არ უნდა ჰქონდეს მისჯილი ცეცხლსასროლი იარაღების გასაღებისთვის, დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში,

„გარკვეული ადამიანები ზემოქმედებდნენ მის ნებაზე, რომ ხელი დაედო დავით მიქაძისთვის, როგორც დანაშაულში მონაწილე პირისთვის. მკვლელობის ორგანიზების ნაწილში, დავით და გიორგი მიქაძეების მიმართ მტკიცებულება კვლავ არ იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით კი, მათ სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის, სანდრო წივწივაძისგან ახალი არაფერი მოუსმენიათ.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.