1774555363
POLITICO: აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ ირანის ომმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაფერხოს
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილება, რომ უკრაინისთვის აშშ-ის შეიარაღების მიწოდება მომდევნო თვეებში შესაძლოა შეფერხდეს, რადგან პენტაგონი პრიორიტეტს მათ ირანის ომში გამოყენებას ანიჭებს, - წერს გამოცემა POLITICO.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მოკავშირეებს აცნობა, რომ საბრძოლო მასალის - განსაკუთრებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების - მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლაპარაკებებში ჩახედული ევროპელი მაღალჩინოსნები ავრცელებენ.
ორი ოფიციალური პირის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამ საკითხის განხილვას მოკავშირეებთან პარასკევს, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გეგმავს.
ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, სულ მცირე, რამდენიმე მოკავშირემ აშშ-ისგან „მიიღო გარანტია“, რომ ამ ეტაპზე ინიციატივა PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) ფარგლებში განკუთვნილი შეიარაღების გადამისამართება არ მომხდარა. „თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს ამბობს მომავალზე“.











