ჩინეთში აღმოაჩინეს უძველესი ფრინველი, რომელმაც კუდის ევოლუციაზე წარმოდგენა შეცვალა

ჩინეთში აღმოაჩინეს უძველესი ფრინველი

ჩინელმა პალეონტოლოგებმა აღწერეს უძველესი ფრინველის ახალი სახეობა - Zhengheornis buyu, რომლის კუდის აგებულებაც ფრინველთა ევოლუციის შესახებ არსებულ წარმოდგენებს არ შეესაბამება. კვლევის შედეგები ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.

თანამედროვე ფრინველებს ხერხემლის ბოლოში აქვთ პიგოსტილი - შერწყმული ძვალი, რომელზეც საჭისებრი ბუმბულებია მიმაგრებული. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ ის უძველესი ფრინველებისა და მათი წინაპრებისთვის დამახასიათებელი გრძელი კუდის თანდათანობითი შემცირების შედეგად გაჩნდა .

თუმცა, ჩინეთში ნაპოვნი ნამარხი განვითარების სხვა ვარიანტს აჩვენებს. Zhengheornis buyu-ს კუდი სულ რაღაც 15 დამოკლებული მალისგან შედგებოდა, მაგრამ ამავდროულად, პიგოსტილი არ გააჩნდა. მკვლევართა თქმით, მსგავსი კომბინაცია იურული პერიოდის ფრინველებში მანამდე არასდროს შეხვედრიათ.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ Zhengheornis buyu აქამდე ცნობილ გრძელკუდიან ფრინველებს შორის ყველაზე პატარა იყო. მისი სიგრძე დაახლოებით 20 სანტიმეტრს აღწევდა, ხოლო წონა 74-დან 163 გრამამდე მერყეობდა.

ნაშრომის ავტორების აზრით, ეს აღმოჩენა მიანიშნებს იმაზე, რომ ადრეული ფრინველების ევოლუცია ბევრად უფრო რთული იყო. მათი ვარაუდით, სხეულის ზომის შემცირება და კუდის ტრანსფორმაცია შესაძლოა ერთდროულად და არა თანმიმდევრულად მიმდინარეობდა. ეს ნიშნავს, რომ უძველესი ფრინველების სხვადასხვა ჯგუფს ორგანიზმის თანამედროვე აგებულებამდე მისასვლელად, შესაძლოა, სხვადასხვა ევოლუციური გზა გაევლო.