აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განვითარების მიზნით, რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა

სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განვითარების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორმა ბექა მამარდაშვილმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ დევიდ ქენედეის მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისა და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის.

მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე უკვე მოეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „ლეკისყურეში“, სააგენტომ განახორციელა სატელიტური ინტერნეტის სარეზერვო ქსელის საპილოტე ინსტალაცია, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფორმაციის მართვის პროცესები. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული სატელიტური ინტერნეტის მოწყობილობისა და თანმდევი სერვისების შესყიდვა, რომლის ფარგლებშიც 35 სასაზღვრო სექტორზე მოეწყობა მაღალსიჩქარიანი ქსელი.