1779872937
ბულგარეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან მოლაპარაკებებში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან მოლაპარაკებებში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს. ამის შესახებ რადევმა პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა ინიციატივის გამოჩენა დააგვიანა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროკავშირის „საერთო პოლიტიკაში“ „რეალური ცვლილებებია“ აუცილებელი.
„მოხარული ვიქნებოდი, თუ ევროპა ბოლოს და ბოლოს დათანხმდება რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას და არა მხოლოდ დაწყებას. ევროპა ამ მოლაპარაკებების ლიდერი უნდა იყოს. ეს ევროპის მნიშვნელოვანი მისიაა“, – განაცხადა რადევმა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ევროპის მცდელობის გამო, „მიაღწიოს კონვენციურ სამხედრო გამარჯვებას მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოსთან, მაშინ, როდესაც მას არ აქვს შესაძლებლობა, შეაჩეროს და გაუმკლავდეს რუსეთის თანამედროვე ჰიპერბგერით იარაღს“.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ იმან, რაც ბოლო დღეებში ხდება და ნებისმიერ ფასად მშვიდობის ძალისმიერი მეთოდებით მიღწევის სურვილმა, შეიძლება, ბირთვულ ესკალაციამდე მიგვიყვანოს. ჩვენ ამასთან უკვე ძალიან ახლოს ვართ და ევროპამ ძალიან სწრაფად უნდა გადახედოს საკუთარ სტრატეგიასა და მიდგომას ამ კონფლიქტის მიმართ“, – ამბობს რადევი.










