„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ „ოდირი“ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით არ მიიწვია“ - სენატორმა ჯინ შაჰინმა დაგმო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ მიიწვიეს

თეთრი სახლი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯინ შაჰინმა მკაცრად დაგმო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ მიიწვიეს.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით არ მიიწვია.

„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მიიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები შეერთებულ შტატებში, ეწინააღმდეგება თავისუფლების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის იმ სულისკვეთებას, რაც ჩვენს არჩევნებს განსაზღვრავს. ეუთო 2002 წლის შემდეგ აშშ-ის ყველა შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდა, ამ პრაქტიკის შეწყვეტა კი მორიგი ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკის უსაფრთხო და დაცული საარჩევნო სისტემისადმი საზოგადოების ნდობას“, - განაცხადა სენატორმა.

„მე პირადად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომა საარჩევნო პროცესის სანდოობისა და საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად. ეუთო სწორედ ამას აკეთებს. მოვუწოდებ ტრამპის ადმინისტრაციას, პატივი სცეს დამოუკიდებელი დამკვირვებლების როლს და უზრუნველყოს, რომ აშშ-მა დაიცვას ისეთივე მაღალი სტანდარტები, როგორსაც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ქვეყნისგან მოვითხოვდით“, - დასძინა ჯინ შაჰინმა.

✕