„ჯანმოს“ განცხადება რუსეთში „შავი ჭირის“ გავრცელებასთან დაკავშირებით

ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის განცხადებით, ყველა პაციენტი იდენტიფიცირებულია და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არცერთ მათგანს დაავადების სიმპტომები არ გამოვლენია.

ლინდმაიერის განცხადებით, არსებული ინფორმაციის საფუძველზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი შეფასებით, ირკუტსკში ეპიდემიის გავრცელების რისკი საშუალოდან დაბლამდეა, მთლიანად რუსეთის ფედერაციაში დაბალი, ხოლო ევროპის რეგიონში ძალიან დაბალი.

რამდენიმე დღის წინ, ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ლაბორანტი, დარია შიპილოვა გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარია შიპილოვას ლაბორატორიაში მუშაობისას შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

ჯანმოს სპიკერის განცხადებით, რუსეთის ოფიციალური პირები კვლავ იძიებენ, გამოიწვია თუ არა შიპილოვას გარდაცვალება ვირუსულმა პნევმონიურმა ჭირმა. მისი თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე ეს შეფასება განახლდება.

✕