1791316484
„დედაც ჩამოფრენილა ამერიკიდან, გიორგის თაიგული დაუხვედრებია მონატრებული დედისათვის, ძლივს, წვალებით გაუხელია თვალები და: დე, რა ლამაზი ხარო, უთქვამს“
გარდაცვლილი ქუთაისელი მუსიკოსის, გიორგი დალაქიშვილის შესახებ, სოციალურ ქსელში ემოციური ამბავი ვრცელდება.
„დედას დაელოდა...
ჩვენი შვილების თანატოლი, თმებგაჩეჩილი და სულ მოღიმარი, რომელსაც თვალებში ჭინკები დაუხტოდა, ზეცაში გადასახლებულა...
ერთად დადიოდნენ ინტელექტ ჯგუფში (სადაც ლექციებს მერაბ გვაზავა და ბაჩო იოსელიანი კითხულობდნენ): ბათუ გვაზავა, თუთია და თუთაბერ თავაძეები, და-ძმა კობერიძეები, გიორგი დალაქიშვილი, ბექა გუგეშაშვილი, სხვები და სხვები...
მამასაც ვიცნობდი და დედასაც, თამუნა გამრეკლიძესთან ვმეგობრობდი კიდეც, რომელიც კარგა ხანია ამერიკაში ცხოვრობს.
ამ გაზაფხულზე, მეუღლემ მითხრა: თამუნას შვილს სიმსივნე დაუდგინდა, დახერხილ ირმის რქას ასმევენ და ეს ჩვენი დიდი "ლოსის" რქა უნდა მივცეო...
მერე არ გაუმეორებია და ვიფიქრე, ალბათ განიკურნა-მეთქი.
და აგერ, სექტემბერში, ცრემლიანმა უარესი რამ მითხრა: გიორგი დალაქიშვილი ცუდად არისო, დამძიმდაო!..
უცებ დავიბენი, თუმცა იქვე გამოვერკვიე და გამახსენდა თმებგაჩეჩილი ბიჭი, რომელსაც მოფერებით "ბუძგურიას" ვეძახდით...
ვინ კიდევ "პუშკინათი" უხმობდა"...
რომელი ირმის რქა დამენანებოდა მისთვის და თურმე ბოლო დღეებს ითვლიდა...
ორი დღის წინ დედაც ჩამოფრენილა ამერიკიდან და ამას „ბუძგურიას“, გიორგი დალაქიშვილს თაიგული დაუხვედრებია მონატრებული დედისათვის, ძლივს, წვალებით გაუხელია თვალები და: დე, რა ლამაზი ხარო!.. - უთქვამს.
როგორ მივიდე ხვალ სამძიმარზე, არ ვიცი, უნდა შევძლო როგორმე, უნდა დავემშვიდობო მუდამ მოღიმარ და თმებგაჩეჩილ ბიჭს...
P. S. ამბობენ, კიბოს წამალი რა ხანია თაროზეა შემოდებულიო !..
მსოფლიო სააფთიაქო მაფიას უჭირავს ხელშიო!..
იმ „ჰუმანური“ კაცობრიობის დედა ვატირე, ბუძგურიასნაირ (კიდევ უფრო პატარებს) ბავშვებს რომ გაიმეტებს!...“ - წერს გიზო თავაძე.












