1770671781
აშშ საკუთარ გემებს მოუწოდებს ირანის ტერიტორიულ წყლებში შესვლისგან თავი შეიკავონ
აშშ-ის საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ამერიკის დროში ქვეშ მცურავ გემებს მოუწოდებს ირანის ტერიტორიულ წყლებში შესვლისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია კომერციულ გემებს აგრეთვე მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებას მოერიდონ.
„რეკომენდებულია, რომ ამერიკის დროშის ქვეშ მცურავი კომერციული გემები, რომლებიც აღნიშნულ წყლებში გადაადგილდებიან, მოერიდონ ირანის ტერიტორიულ წყლებს და რაც შეიძლება შორს იმყოფებოდნენ, რათა საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია მოუწოდებს გემებს, თუ ირანის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები გემზე ასვლას მოითხოვენ, წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
„თუ ირანელი ძალოვნები აშშ-ის დროში ქვეშ მცურავ გემზე ამოვლენ, ეკიპაჟმა აბორდაჟის ჯგუფს წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს“, - დასძინეს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში.










