1770669889
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია ირანის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ჰერმეტულად დალუქულ ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 კილო და 300 გრამი „მარიხუანა” და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.










