აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

ჰორმუზის სრუტე

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

„დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ამერიკულმა ძალებმა ირანში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ობიექტებზე დარტყმები დაიწყეს. ეს იერიშები პასუხია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბოლოდროინდელ მცდელობებზე, თავს დასხმოდა კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში და რეგიონში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაში.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კუნძულ ქეშმზე, რომელიც სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

სააგენტო Nour News-ი კი იუწყება, რომ აფეთქებები ასევე დაფიქსირდა საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასსა და სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ჩაბაჰარის პორტში.