აბას არაღჩი: დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მივაღწევთ

აბას არაღჩი

დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-თან შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

არაღჩის თქმით, ირანმა დაკარგა ნდობა შეერთებული შტატების მიმართ, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა ხელს უწყობს „ნაყოფიერ“ მოლაპარაკებებს აშშ-თან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები უნდა ეხებოდეს მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას. სანაცვლოდ ირანი მოითხოვს აშშ-ის სანქციების მოხსნას და უფლებას, გააგრძელოს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებისთვის.

„არ უნდა ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც შეუთანხმებელია. არ დავკარგოთ შესაძლებლობა და მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული იარაღის არარსებობას. ეს, როგორც ვთქვი, შესაძლებელია, მოკლე დროშიც კი მივაღწიოთ“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი მზად არის ომისთვის. აბას არაღჩის თქმით, ომი „კატასტროფა იქნება ყველასთვის“, ხოლო რეგიონში აშშ-ის ბაზები ირანის სამხედრო სამიზნე გახდება.

„წინა ომში ჩვენ ძალიან ვეცადეთ, შეგვეზღუდა ომის მასშტაბი ირანსა და ისრაელს შორის. ამჯერად, თუ ეს იქნება ირანსა და აშშ-ს შორის იმის გამო, რომ აშშ-ის ბაზები გაბნეულია მთელ რეგიონში, რეგიონის მრავალი ნაწილი იქნება ჩაბმული და ეს შეიძლება ძალიან საშიში იყოს. ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ ომის 12 დღიდან და, ვფიქრობ, ახლა ძალიან კარგად ვართ მომზადებული, მაგრამ მომზადება არ ნიშნავს, რომ გვინდა ომი“, – აღნიშნა არაღჩიმ „სიენენთან“ ინტერვიუში.

ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით საუბრისას არაღჩიმ „ტერორისტული ძალები“ დაადანაშაულა, რომლებიც გარედან იღებდნენ ბრძანებებს.

„არ არსებობდა გეგმა პროტესტის მონაწილეთა სიკვდილით დასჯის ან ჩამოხრჩობის შესახებ“, – აღნიშნა არაღჩიმ.