1769975663
ყოფილი ევროკომისარი ნიკოლას შმიტი: ფონ დერ ლაიენის მართვის სტილი ევროპას აზიანებს
ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ევროკომისიის მართვის „საპრეზიდენტო“ სტილი ევროპას აზიანებს, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტის გუნდის ყოფილი წევრი ნიკოლას შმიტი, რომელიც ფონ დერ ლაიენის პირველ კომისიაში სამუშაო ადგილებისა და სოციალური უფლებების საკითხებში კომისარი იყო.
„მექმნება შთაბეჭდილება, რომ კომისრები ახლა ძირითადად გაჩუმებულები არიან“, - განაცხადა მან POLITICO-სთან ინტერვიუში.
„კოლეგიის ორგანიზების სისტემა ძალიან ცენტრალიზებულია, დაარქვით მას საპრეზიდენტო თუ სხვა ნებისმიერი სისტემა. ეს არ არის კარგი კოლეგიისთვის, არ არის კარგი კომისიისთვის და, ზოგადად, არ არის კარგი ევროპისთვის“, - აღნიშნა მან.
ლუქსემურგელი შმიტი კომისიაში 2019-დან 2024 წლამდე მუშაობდა და იყო ევროპის სოციალისტური პარტიის წამყვანი კანდიდატი 2024 წლის ევროკავშირის არჩევნებში. სოციალისტებს იმედი ჰქონდათ, რომ ის მეორე ვადით დარჩებოდა, თუმცა ლუქსემბურგის მთავრობამ მის ნაცვლად კრისტოფ ჰანსენი წარადგინა, რომელიც ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია.
მან კომისია გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიული დაგეგმარების ნაკლებობაშიც დაადანაშაულა.
„გვქონდა კი რეალური სტრატეგიული დებატები ევროპის როლზე მსოფლიოში, რომელიც უკვე განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელსაც ადრე ვიცნობდით? ჩვენ არ გვქონია რეალური სტრატეგიული მიდგომა, რეალური სტრატეგია“, - განაცხადა შმიტმა.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კომისრების მხრიდან ფონ დერ ლაიენის ღიად გაკრიტიკება უჩვეულოა, კოლეგიის რამდენიმე ყოფილმა წევრმა ეს უკვე გააკეთა. მიშელ ბარნიემ თავის მემუარებში ყოფილი უფროსი „ავტორიტარულ გადახრაში“ დაადანაშაულა. კიდევ ერთმა ყოფილმა კომისარმა, ტიერი ბრეტონმა ასევე განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენი ზედმეტ ძალაუფლებას ფლობს და აღნიშნა, რომ ევროპა „არ აშენებულა იმისთვის, რომ იმპერატორი ან იმპერატრიცა ჰყოლოდა“.











