68 წლის წინ 15 წლის ბიჭი დააკავეს, ციხე მან რამდენიმე თვის წინ დატოვა - რა გეგმები აქვს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივ პატიმარს

ჯო ლაიგონ

ჯო ლაიგონს ამერიკაში ყველაზე ხანგრძლივ პატიმარს უწოდებდნენ. მას სამუდამო პატიმრობა არასრულწლოვნობის პერიოდში მიუსაჯეს. დღეს ჯო ლაიგონს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან, არასრულწლოვანს ვეღარავინ უწოდებს, თუმცა კვლავ ბავშვივით უკვირს ბევრი რამ, რაც მას ამ სამყაროში დაბრუნებისას, თითქმის 70 წლიანი პატიმრობის შემდეგ დახვდა.

BBC-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში ჯო ლაიგონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ მოუწია თავისუფლებისთვის ლოდინი ამდენ ხანს და როგორ აპირებს დარჩენილი ცხოვრების გატარებას.

როგორც ჯო ლაიგონი ჰყვება, მას მარტოობის სიყვარული ხასიათში აქვს, ამიტომ ამ მხრივ არ გასჭირვებია და ციხეში მისი კომპანიონები რადიო და ტელევიზორი იყო.

"მე არ მყავდა მეგობრები ციხეში, არ მყავდა არც ციხის გარეთ. მაგრამ ყველა ადამიანს, რომელსაც მე შევხვედრივარ მეგობარივით ვეპყრობოდი და ყველაფერი შესანიშნავად იყო, ასე ვაგვარებდით ერთმანეთთან... მე არ ვიყენებდი სიტყვას "მეგობარი". მე მივხვდი, რომ ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ სიტყვების შერჩევა ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრი გეტყვით, რომ ვინმეს მეგობრად მიჩნევისას, შესაძლოა ძალიან შეცდეთ..." - აცხადებს ის.

როგორც მისი მონათხრობიდან ჩანს მას მარტოობა ბავშვობიდან უყვარდა და ძირითად დროს ოჯახთან ერთად ატარებდა. როდესაც 13 წლის იყო დედ-მამასთან და და-ძმასთან ერთად საცხოვრებლად ფილადელფიის სამხრეთ მხარეში გადავიდნენ, მამა მექანიკოსად, დედა კი მედდად მუშაობდა. ოჯახი  "ლურჯი საყელოების" რაიონში, მუშათა კვარტალში დასახლდა. მას სკოლაში სწავლა უჭირდა და არც სკოლელებთან მეგობრობდა.

1953 წლის ერთ-ერთ პარასკევს, ინციდენტიც რიგით "ნაცნობებთან" ერთად შეემთხვა, ისინი ერთად დახეტიალობდნენ რაიონში, სადაც ნასვამი ადამიანების ჯგუფს წააწყდნენ

"ჩვენ მათ დავუწყეთ ფულის მოთხოვნა, რომ ჩვენც გვეყიდა ღვინო და... სიტყვას სიტყვა მოჰყვა და ასე წავიდა..." - როგორც ის ამბობს ის ღამე დანების ტრიალით დასრულდა, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა. შედეგად მოკვდა 2 ადამიანი და 6 დაიჭრა.

ლაიგონი პირველი დააპატიმრეს. როგორც ის ამბობს, პოლიციაში მან მართლაც გულწრფელად აღიარა, რომ არ შეუძლია იმ ადამიანების დასახელება, ვისთანაც ერთად იმ ღამით იყო.

"იმ ორის, რომელსაც მე ვიცნობდი, სახელებიც კი არ ვიცოდი, მხოლოდ მეტსახელები..."

ლაიგონის თქმით, ის სახლიდან მოშორებულ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და იქ იმყოფებოდა 5 დღის განმავლობაში იურიდიული დახმარების გარეშე და მასთან არც მშობლებს უშვებდნენ.

შემდგომში 15 წლის ჯოს ბრალი მკვლელობისთვის წაუყენეს,რომელსაც ის ყოველთვის უარყოფდა, მოგვიანებით, ერთ-ერთ ტელევიზიასთან განაცხადა, რომ ნამდვილად დაჭრა ერთი ადამიანი, რომელიც გადარჩა. მისი თქმით, ის ამ საქციელსაც ნანობს.

მოზარდი განაჩენის გამოცხადებასაც არ დასწრებია. ის ციხეში გააგზავნეს და მან არც კი იცოდა რამდენი ხნით. როგორც ამბობს, თავშიც არ მოსვლია ვინმესთვის ეკითხა.  იცოდა, რომ ციხეში ჩაჯდომა მოუწევდა, მაგრამ არ უფიქრია, რომ ცხოვრების ბოლომდე. ის აღიარებს რომ ციხეში მოხვედრის შემდეგ ის უფრო დაიბნა, ვიდრე შეშინდა და წუხდა, რომ ოჯახს მოაშორეს.

68 წლის განმავლობაში ჯო ლაიგონმა იგივე პატიმარი AE 4126-მა 6 ციხე გამოიცვალა და ის ყველა ჯერზე მორიგი ციხის რუტინას თავიდან ეწყობოდა.

ლაიგონი ციხეში ხან სამზარეულოში, ხან სამრეცხაოში, ძირითადად კი დამლაგებლად მუშაობდა.

პატიმრობის 53-ე წელს ლაიგონს უთხრეს, რომ მისი ნახვა ადვოკატს სურდა. ეს ადვოკატი იყო ბრედლი ბრიჯი, რომელიც შთაგონებული იყო აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ არასრულწლოვნების დასჯა არ შეიძლება და აპირებდა იმ ადამიანების უფლებები დაეცვა, რომლებსაც არასრულწლოვნობის პერიოდში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე.  ფილადელფიაში ასეთი 325 ადამიანი იყო მათ შორის კი ყველაზე ხანგრძლივი პატიმარი ლაიგონი.

ადვოკატმა ლაიგონს თავისი საქმე გააცნო და ის მიხვდა რომ მას თავიდანვე არასწორად და უსამართლოდ მოექცნენ, როგორც არასრულწლოვანს, მან არ ისურვა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, თავის ადვოკატთან ერთად იბრძოლა და მიაღწია იმას, რომ ის 2020 წლის ნოემბერში სრულად გაათავისუფლეს.

როგორც ადვოკატი ჰყვება, როდესაც ის ჯოს წამოსაყვანად ციხეში მივიდა, მისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ  ის უჩვეულოდ მშვიდად დახვდა.

68 წლიანი პატიმრობა ლაიგონს ძვირად დაუჯდა, მას ესმის რომ ბევრი დრო დაკარგა, გათავისუფლების მოლოდინში, რომლის უფლებაც თავდაპირველი განაჩენის თანახმად არ ჰქონდა. ამ წლების ნაწილი მას შეეძლო თავის ოჯახთან ერთად გაეტარებინა, რომლის წევრების უმრავლესობა უკვე ამქვეყნად აღარაა,

და მაინც 83 წლის ჯო ცდილობს შეეგუოს თავისუფლად ცხოვრებას, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა. მას გარკვეული გეგმები აქვს. სურს გააკეთოს ის, რასაც მიჩვეულია და ყველაზე კარგად გამოსდის.

„ვაპირებ ვაკეთო იგივე, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, მომეცით დამლაგებლის ან მეეზოვის სამუშაო" - ამბობს ის.