სინოდის წევრები გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფენ

gogashvili eklesiaze

27 ივლისს სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა.

განცხადებაში, რომელსაც გოგაშვილი ასათაურებს „რუსული ოცნება VS ქართული ეკლესია“, სხვა საკითხებთან ერთად საუბრობს პატრიარქზე და აცხადებს, რომ „ეფ ეს ბე“-ს გავლენის აგენტებს აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.

ამასთან, სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი წერილში აცხადებს, რომ 2020 წელს პირადად შეხვდა პატრიარქს და დეტალებში მოუყვა მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და დაანახა მზაობა შეეჩერებინა ეს ყველაფერი, რაზეც პატრიარქმა მას უთხრა: ,,იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”.

ამასთან, გოგაშვილი ამბობს, რომ მეუფე იაკობმა ის გააფრთხილა ლიკვიდაციის თაობაზე, რომელსაც ხელისუფლება გეგმავდა, რაც დავალებული ჰქონდა ქისტ „ქილერს”, როგორც გოგაშვილი აცხადებს, მისი დასკვნით, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ.

სინოდის წევრები სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ საპატრიარქოში რუსული გავლენებისა და პატრიარქის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ამბობს, რომ გოგაშვილის ბრალდებები სარწმუნო რომ ყოფილიყო, „აუცილებლად გაიგებდა“.

„მეჩვენება, რომ ეს არ არის სარწმუნო ინფორმაცია. არ ვიცი არაფერი, ახლა გავიგე პირველად. არ მიმაჩნია სარწმუნოდ, რომ ყოფილიყო ასეთი რამე, მე გავიგებდი აუცილებლად, იმიტომ რომ სინოდის წევრი ვარ“, - ამბობს მეუფე იაკობი.

თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებაზე ინფორმაცია „მითქმა-მოთქმაა, ასეთი რაღაც არ არსებობს, ღმერთმა უნდა ინებოს ეს".

„საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები? არ ვიცი, ვერ გეტყვით. პატრიარქმა თუ მოინდომა და გადადგა, ვინ გადააფიქრებინებს?! ასეთი რაღაც არ არსებობს, არც ყოფილა და არც იქნება, ღმერთმა უნდა ინებოს ეს. მე რომ მოვინდომო, შენ, იმან, ვიღაცებმა, გადავაყენებთ თუ რა? ესეიგი ღმერთზე ძლიერები ვყოფილვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის მითქმა-მოთქმა“, - ამბობს მეუფე მიქაელი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ იმდენჯერ ილაპარაკა გოგაშვილმა ამ თემაზე, რომ შარშან ოქტომბერში უკვე გასცა პასუხი. შესაბამისად, მეტი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„შესაძლებელი არის, რომ სოსომ იცის ამბავი შუიდან. ამ ფაილებში ჩანს, რომ პატრიარქმა რამდენჯერმა თვითონ დააყენა საკითხი - მომხდარიყო პატრიარქის ცვლილება. მეც ვარ შესწრებული ერთხელ, ძალიან ვიწრო წრეში, მღვდელმთავრებთან ერთად, როდესაც მან ეს საკითხი დააყენა, მაგრამ მღვდელმთავრები იცით, რომ მისი ხელდასმულები არიან, ძალიან დიდი სიყვარული აქვთ მისადმი და ერთხმად ყველამ სთხოვა, რომ არ გაგრძელებულიყო ამ საკითხზე საუბარი. მე არ ვიცი იქ რა ვითარებები იყო, მაგრამ ცხადია, თუ მსგავსი ინიციატივა იქნებოდა, ეს არ შეიძლება, ყოფილიყო გარედან ვიღაცის ინიციატივა",- ასე უპასუხა 2021 წლის შემოდგომაზე სოსო გოგაშვილს დეკანოზმა.

ცნობისთვის, გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს.

18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს - ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის პროცესები დახურულად წარიმართება, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო.