ვუდი ალენი ფიქრობს, ფილმები აღარ გადაიღოს

ვუდი ალენი

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი ფიქრობს, რომ ფილმების გადაღებას თავი დაანებოს. თუმცა, რეჟისორის წარმომადგენლის თქმით, ეს კარიერის დასრულებას არ ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„თქვა, რომ ფიქრობს, ფილმების გადაღება შეწყვიტოს, რადგან არ მოსწონს, როცა კინოსურათები პირდაპირ და ძალიან სწრაფად ხვდება სტრიმინგ პლატფორმებზე. ის კინოთეატრში მიღებული გამოცდილების დიდი მოყვარულია",- აცხადებს რეჟისორის წარმომადგენელი. 

86 წლის ალენი ამჟამად თავისი 50-ე ფილმის გადასაღებად ევროპაში იმყოფება. რეჟისორის ახალ კინოსურათში, რომელიც მთლიანად ფრანგულ ენაზე იქნება, მოქმედება პარიზში ვითარდება. შესაბამისად, გადაღებებიც ევროპაში დაიგეგმა მომდევნო კვირების განმავლობაში. ალენის თქმით, ეს ფილმი „აღმაფრთოვანებელი, დრამატული და ძალიან ავბედითი განცდის მატარებელი იქნება".