თბილისში, სტუდენტების ცხედრები იპოვეს
1731420380
გია ბურჯანაძე 8 ოქტომბერს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რიგით მეხუთე ოპერაციას იკეთებს. 3 ნოემბერს მსახიობი თბილისში უნდა იყოს, თეატრის სცენაზე. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ Biaff-ზე სპეციალური პრიზი გადასცეს, კინოში შეტანილი წვლილისთვის.
თითქმის ორი წელია, რაც 63 წლის მსახიობი ვერაგ სენს ებრძვის, მაგრამ ექიმები მოდუნების უფლებას არ აძლევენ... ამიტომაც არის, რომ სცენა არ მიუტოვებია და სამჯერ გასტროლზეც იყო.
ცხოვრება კიდევ ერთხელ გადააფასა. ხიფათიანი კაცი ვიყავიო, ამბობს და შესაბამისად, ტრავმატოლოგიური კაბინეტის ხშირი სტუმარი იყო. ამიტომ ყოველი გათენებული დღის ფასი, უკვე რა ხანია იცის. თუმცა როდესაც ამ ვერაგ დაავადებას თვალებში ჩახედა, ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა. მაგრამ უფლის მიერ მიწოდებული ჯვრის ტარებას არ შეუშინებია და მას ძლიერი მხრებით დღემდე ღირსეულად ატარებს.
"პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სპორტული ცხოვრებით მცხოვრებს ვერ წარმოედგინა, რაიმე მსგავსად ვერაგული დაავადება თუ გაეკარებოდა.
სკოლის პერიოდში კალათბურთს თამაშობდა; საქართველოს ნაკრების წევრიც იყო. უცებ რომ მსახიობობა გადაწყვიტა, გიას ასეთმა გარდასახვამ, მისი რეჟისორი დეიდა, მედეა კუჭუხიძეც გააოცა. მერე იყო ლილი იოსელიანის და მიშა თუმანიშვილის დიდი სკოლა. პირველ სერიოზულ ნამუშევრად "იდიოტში" ნათამაშებ მიშკინის როლს მიიჩნევს, რომელმაც ქალაქში აღიარება მოუტანა. 19 წლის ბიჭს ეს ჩვეულებრივი რამ ეგონა, თუმცა კი, არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. მიშკინმა სახელი გაუთქვა. სიმპათიურ, ნიჭიერ მსახიობზე მოთხოვნა წამოვიდა.
ქარიზმატული მესამე კურსელი სტუდენტი რობერტ სტურუას თვალსაც არ გამოჰპარვია და თავის თეატრში ეპატიჟებოდა. თუმცა პედაგოგმა, ლილი იოსელიანმა არ გაუშვა. ამასობაში მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თემურ ჩხეიძე დაინიშნა. გამორჩეული ახალგაზრდა არც თემურის ყურადღების მიღმა დარჩენილა და მანაც შესთავაზა მარჯანიშვილში მისვლა. რახან თემური ფსიქოლოგიური თეატრის რეჟისორი იყო, პედაგოგი ამჯერად დათანხმდა შემოთავაზებას და გია თეატრში გაუშვა "დავალებით", რომ შეძენილი სამსახიობო ტექნიკა იქ უნდა დაეხვეწა.
გახდა 20 წლის და მოხვდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. პირველი სასცენო პარტნიორი ვერიკო ანჯაფარიძე იყო. მას შემდეგ, ძირითადად, სულ მთავარ როლებს სთავაზობდნენ. წარმატებები მოდიოდა...
მერე კინოს მაგიურ სამყაროშიც შეაბიჯა და ეს მომაჯადოებელი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი, უკვე მთელმა საქართველომ შეიყვარა.
როლი - სავიზიტო ბარათი ყველა მსახიობის რეპერტუარშია. ბურჯანაძის კინოგმირებში ასეთი ლიმონა დევდარიანია. "საბრალდებო დასკვნის" "ბოროტმოქმედები" ხომ ნოდარ დუმბაძის სტილმა შეგვაყვარა ყველას და შემდეგ უკვე, "თეთრი ბაირაღების" დიდმა არტისტებმა; მათ შორის, გიას "ლიმონა" ხომ ქალების გულთამპყრობელი გახდა. ბესიკის "ტანო ტატანო" კი, ლორთქიფანიძის ამ ეკრანიზაციის შემდეგ, მხოლოდ გია ბურჯანაძის ინტონაციით ჩაგესმის.
"ხანდახან მიფიქრია, რა მინდოდა, კაცო, ამ საგიჟეთში! მეცინება... მაგრამ ამ პროფესიის მეტი არაფერი ვიცი" - ამბობს მსახიობი. თუმცა კაცობა და ადამიანობა რომ ყველა პროფესიაზე მაღლაა, უნდა აღინიშნოს. აი, რა უთხრა უკანასკნელ ინტერვიუში ქეთევან კიკნაძემ "პრაიმტაიმს".
ქეთევან კიკნაძე: იცით, თავის სახლში რა გააკეთა? მუშებს ფიზიკურად ეხმარებოდა; რემონტს თავისი ხელით აკეთებდა.
ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, არის ადამიანური - აბა, წარმოიდგინეთ, მსახიობი გია ბურჯანაძე, მუშებთან ერთად, იდგა და ფიზიკურად მუშაობდა.
ნაკითხი, განათებული და შინაგანი ინტელექტის მქონე არტისტია და ეს ყველა მის ნამუშევარს ემჩნევა.
იცოდა, რომ მალე თურქეთში ჩანიშნული ოპერაციისთვის უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ბათუმში კინოფესტივალზე მაინც ჩავიდა, სადაც კინოში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. გია ბურჯანაძე რომ ღირსეული ადამიანია, იმ, ერთი შეხედვით, პატარა ჟესტშიც გამოჩნდა, რომ ეს ინტერვიუ თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მომცა. აბა, წარმოიდგინეთ, ხომალდი წუთი წუთზე უნდა აფრინდეს, 63 წლის კაცი მეხუთე ოპერაციის გასაკეთებლად მიემგზავრება, ის კი ინტერვიუზე უარს არ ამბობს...
***
გია ბურჯანაძე: როდესაც გაჯილდოებენ ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ჩემს ასაკში კი (იცინის), რა თქმა უნდა, პროცესი მირჩევნია, გადასაღებ მოედანზე დგომა მირჩევნია, ვიდრე სცენაზე პრიზის გადმოცემა. მადლობის მეტი რა მეთქმის, რომ შემაფასეს და დამაფასეს.
კინოში სასიამოვნო იყო ახალგაზრდული წლები. 2003 წლიდან 2013 წლამდე კი, კინოგადაღებაზე მე არ ვყოფილვარ. რატომღაც ასე მოხდა, არ ვიცი. არ მოინდომეს ჩემთან მუშაობა, თუ რა იყო, არ ვიცი. ძალიან ბევრი, ათი წელი გამოვტოვე. რაც უფრო საინტერესო რეჟისორთან და კარგ სცენართან გაქვს საქმე, ცხადია, კარგი, საინტერესო და სასიამოვნოა მუშაობა.
სამწუხაროდ, ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით, უარს ვამბობ შემოთავაზებულ როლებზე. არ მინდა ვინმე დავაღალატო. არის შემოთავაზებები, მაგრამ მე ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ვუხსნი... როცა ჯანზე მოვალ და თვითონ ვიგრძნობ, რომ გადასაღებ მოედანზე წასვლა შემიძლია, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები ნიჭიერ ხალხთან ურთიერთობას. კარგი რეჟისორი, კარგი სცენარი - ამას რა სჯობს.
ოპერაციას გავიკეთებ, 3 ნოემბერს კი სპექტაკლი ჩავანიშნინე. იმედია, ისე ვიქნები, რომ თამაშს შევძლებ. თეატრში თამაში შემიძლია, იქ 3-4 საათი ვარ, აი, გადაღებაზე მთელი დღით წასვლა, ჩემს მდგომარეობაში, რთულია.
წელიწადი და ათი თვე გავიდა, რაც ამ დაავადებას ვებრძვი. მეხუთე ოპერაციას ვიკეთებ. თურქი ექიმები მეუბნებიან, რომ ამ დაავადების სამუდამო განკურნება ძალიან იშვიათია. დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო, ანალიზები, ცოტ-ცოტა ქიმია თერაპია. მეუბნებიან, რომ ვიმუშავებ და ასე გავაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან ყურადღებიანი ხალხია. თბილისშიც ძალიან კარგი ექიმები შემხვდნენ, პროფესიონალები და ყურადღებიანები. ჩემმა თურქმა და ქართველმა ექიმებმა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც კი დაამყარეს.
- როგორია ამ ვერაგ დაავადებასთან ერთად თანაცხოვრება?
- მეგობრების და ოჯახის გვერდზე დგომით თანდათან შეგუებული ხარ. აქაური და თურქი ექიმები, თავიდანვე მაძალებდნენ, რომ არ გავჩერებულიყავი სახლში და სპექტაკლები მეთამაშა. ამ პერიოდში ორ-სამჯერ გასტროლებზეც ვიყავი. ეს მეხმარება, რადგან ნაკლებად ვფიქრობ დაავადებაზე და მოტივირებული ვარ. რომ მეუბნებიან, ხუთი თვის შემდეგ გასტროლი გაქვსო, მე არ ვიცი, ხუთი თვის შემდეგ როგორ და რანაირად ვიქნები. ექიმები მეუბნებიან, არ მოახსნევინო გასტროლი, მოემზადე და რადგან მოემზადები, ისე იქნები, რომ წახვალ კიდეცო. ჯერჯერობით, მათი ეს მიდგომა ამართლებს. რამდენჯერაც წავედი, დავაკვირდი, რომ სულ მოტივირებული ვიყავი.
- ასეთ დროს გადაფასებები, პრიორიტეტების დალაგება ხდება. და მაინც, ამ სულიერი წრთობისას რა დასკვნა კეთდება - რა არის მთავარი?
- ახლობლების კარგად ყოფნა და ყოველი დღისთვის მადლიერება. ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ.
მე სულ ჯანზე ვიყავი, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი; მეგონა, გვერდს ამივლიდა ეს დაავადება. ხშირად ვიმტვრეოდი, ხიფათიანი კაცი ვიყავი და ტრავმატოლოგიაში ვიწექი ხოლმე.
26 წლის ასაკში ისე დავიმტვრიე, ოთხი თვე ვიწექი; მერე, 37 წლის რომ ვიყავი, ექვსი თვე ფიცარზე დამაწვინეს, ისეთ დღეში ვიყავი. აი, იქიდან მივხვდი, რომ ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს. ყოველი გათენება, ორი ხელი და ორი ფეხი და საღი აზრი, უკვე ბედნიერებაა და უნდა დააფასო და გამოიყენო. თორემ ისე შეიძლება მოხდეს, რომ მერე, ეს ყველაფერი აღარ გქონდეს, სამწუხაროდ.
მოტეხილი მიხორცდებოდა. ეს კი სხვა დაავადებაა, ვერაგია. სამწუხაროდ, მეგობრები გამომაცალა ხელიდან - სოსო ჯაჭვლიანი და ტრისტან სარალიძე.
მე ახლა ღმერთის და პროფესიონალი ექიმების იმედად ვარ. სატარებელი ჯვარი უნდა ატარო. ესე იგი ასე იყო საჭირო. უფალს ასე სურდა, რომ გამოეგზავნა განსაცდელი ჩემთან. და ასე ვარ რა, ვუძლებ რა (იცინის)...
- კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელიო, შარშან თქვით. რა გეგმები გაქვთ?
- კი, გამოცდილება ოსტატობა ხომ გემატება წლებთან ერთად, უფრო მაგარი რამეების კეთება შეგიძლია, ვიდრე ვთქვათ, 25 წლის ასაკში. ასეთი გამოცდილების დაკარგვა ცოდოა. ყოველი შემდეგი სპექტაკლი უკეთესი უნდა იყოს წინაზე. მე მთელი ცხოვრება ასე ვმუშაობ.
კონკრეტულად რომელიმე როლის თამაში მინდა-მეთქი, ვერ გეტყვით. მე პედაგოგებმა თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ამაზე არ მეფიქრა. ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ბევრი რამის თამაში შემიძლია, ისეთის, რასაც 30 წლის ასაკში ვერ გავქაჩავდი. ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მე ყველაფრის თამაში შემიძლია (იცინის)!
გამოვიდა, რომ თეატრის მსახიობი უფრო ვარ, ვიდრე კინოს, რადგან კინოში თამაშის საშუალება არ მომეცა. ხელოვნურად მოხდა თუ რა, არ ვიცი, დიდი ჩაგდება მქონდა. თეატრში არ გავჩერებულვარ. ახლა 63 წლის ვარ, თეატრში რომ მოვედი, 20 წლის ვიყავი. ბევრი რამ ვისწავლე. თავს უფლებას ამიტომ ვაძლევ რომ ვთქვა, თუ კარგი დრამატურგიაა და ნიჭიერი რეჟისორია, შემიძლია ყველაფერი ვითამაშო-მეთქი. ამის გაცდენა ცოდოა...
ასევე დაგაინტერესებთ: