"სწორედ ამიტომ უწოდეს ქართველებმა ამ უცნაურ ფრინველს ინდაური და ალბათ, ამიტომაც ვერ წარმოგვიდგენია ახალი წელი საცივის გარეშე" - დათო ტურაშვილი

indauri

ჩვენს ქალაქში ხომ ბევრი ინდოელი სტუდენტია. იმ დღეს სკვერში დიდი ნეტარებით მიირთმევდნენ რაღაცას. გვერდით ჩავლისას ინდური სანელებლის - ქარის სურნელმა ნესტოებში შემიღიტინა. ჩვენებური ხარჩოს და უცხო სუნელის მონათესავე სუნმა მადა რომ აღმიძრა მოზრდილი ნერწყვი ჩავყლაპე, მერე დათო ტურაშვილის რომანი - "სხვა ამსტერდამი" გამახსენდა, სადაც ის ინდაურის წარმომავლობასთან დაკავშირებით, თავის ლოგიკურ მოსაზრებას გვიზიარებს.

"შეიძლება ლონდონში მიჰქონდათ კიდეც (ალბათ ინდოელ ვაჭრებს) ის პირველი ინდაური, რომელიც საქართველოში ჩამოატარეს და სწორედ ამიტომაც უწოდეს ქართველებმა ამ უცნაურ ფრინველს ინდოური ქათამი, მაგრამ რადგანაც ლონდონში ის თურქეთის გავლით აღმოჩნდა, ინგლისელებმა იმავე ფრინველს თურქეთის სახელი დაარქვეს. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ბრიტანულ კუნძულებზე ზემოხსენებული ფრინველი არა ინდოელებმა, არამედ თურქმა გადამყიდველებმა ჩაიტანეს და მისი სახელის ეტიმოლოგია (ამიტომაც) თურქეთს უკავშირდება და არ მის ნამდვილ სამშობლოს. ხოლო ინდაურის სამშობლო რომ ნამდვილად ინდოეთია, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საცივის მსგავსი კერძი სწორედ ინდოეთში მზადდება (უხსოვარი დროიდან) და არა თურქეთში. მიუხედავად ამისა, კლასიკურ სიმაღლეს საცივმა მხოლოდ საქართველოში მიაღწია და ალბათ, ამიტომაც ვერ წარმოგვიდგენია ახალი წელი საცივის გარეშე." - ნაწყვეტი რომანიდან "სხვა ამსტერდამი"