„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად...“ - გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ბოლო დღეებში უშუალოდ მასზე და მის მეგობრებზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკაზე სოციალურ ქსელში წერს.

„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად.

ღიმილით ვუმზერ მმართველი პარტიიდან ჩემი ბავშვობის მეგობრების უწყინარ დუმილს, გუშინ ჩემი მაქებარი პარლამენტარების (ყველა პარტიიდან) მდუმარე თანხმობასვე, რომ ფაშისტი გესტაპო თუ რაღაც ამდაგვარი ვარ, ზოგიერთი მედიიდან გუშინ „საქართველოს საუკეთესო შვილს რომ მეძახდა“ იმ ჟურნალისტებს, პროფესიონალებს და კარგ ადამიანებს, სულ რომ გვერდით ვედექი, ზოგი დამფრთხალი თანამებრძოლის და საქმეებში გვერდით მდგომების გაფაციცებულ თვალებსაც ვხედავ, ოღონდ ბუნტი ნუ იქნებას მზერით, აქეთა ფლანგზე ვითომ ლიბერალური ბაბლების ვიწრო ფიქრებსაც, რომლებიც ისეთივე წარმატებით გამოგჭრიან ყელს – თვითონ ფაშისტებს რომ ეძახიან, იმათ გაუჭირდებათ. დუმს უფლებადაცველთა ნაწილი, ეტყობა საკმარისად ძლიერი ვგონივართ, რომ ამ ომს თითქმის მარტომყოფი მოვიგებთ. თუმცა რატომ მარტო? განა უმადური ვარ – მეგობრებსაც ვხედავ, ხმალამოღებულები რომ მიცავენ (რისგან და რის გამო – კი არის კომიკური) და რაც მთავარია, ათიათასობით უცხო ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს მიზიარებენ და მამხნევებენ ამ საშინელ მანქანასთან პირისპირ მდგომს. ყველამ ხომ იცის, ცილისმწამებელმა, ძველმაც და ახალმაც, დღევანდელმა და ხვალინდელმაც, გულში მაინც ხომ იცის, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ კარგის კეთებას ვცდილობდი და თუ ვინმესთვის რამე დამიშავებია – უნებლიედ. თუმცა ცხოვრება სამართლიანობის პრინციპს ძნელად ეფუძნება. მორალის ფსკერი გახვრიტეს – თავის მოკვლა გაითამაშაო, ეტყობა რაღაც კომპრომატი აქვთო. რომელიმე მხარეს რომ ჩემზე რამე რეალური კომპრომატის მსგავსი ჰქონდეს, ამდენი ხანი, სულ მცირე, საკუთარ თამაშში არ ჩამრთავდა? ჩამრთავდა. ამასაც აისხლიტავთ. აისხლიტეთ. თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, რომელთაც კერძო მიზეზის გარეშე პოზიციის გამოხატვა შეუძლებლად მიგაჩნიათ.

მე თუ ქვეყნისთვის საზოგადოდ მნიშვნელოვანი ამბავი არ არის, არ ვერევი, შეიძლება ეს ჩემი ნაკლია კიდეც, მაგრამ ასეა. ამ ორი კვირის მანძილზე კი ჩემეული აქტიურობა, ჩამონათვალში ასე ერთი შეხედვით ეჭვშეუვალ (თითქმის), ბანალურ ჭეშმარიტებებად მოსჩანს.

1) ვთქვი, რომ საქართველო ევროპაა და ამის გადახედვა არ გამოვა.

2) ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება არ არის კარგი, რომ მტერს ახარებს და მოყვარეს სწყინს.

3) რომ სტიპენდიას ვუნიშნავ (და არა გმირობას ვანიჭებ) ერთ ახალგაზრდას, რომელიც შესანიშნავი სპორტსმენია, განათლებული და გულანთებული მოქალაქე.

4) ვთქვი, რომ ჩემი მეგობარი დღეს კინაღამ მოკვდა და ამის მიზეზი არის ცილისწამებების დიდი და დაუნდობელი დელტა. რომ ეს უნდა შეწყდეს!

5) ვთქვი, რომ ხელი მაინც ყველას უნდა გავუწოდოთ!

ვთქვი და ყოველთვის ვიტყვი. თავს არ ვიმართლებ – ამაყი ვარ.

და ამის პასუხად მივიღე საშინელი ტალახი. მეორე მხარეს რატომ არ იცავო? მეორე მხარეს, მეგობრებო, სახელმწიფო დგას, დასჯის უზარმაზარი ბერკეტით. მწერლის და მოქალაქის ვალია, იდგეს მმართველის ოპოზიციად და ეს ხელისუფალს უნდა ახარებდეს, თუ შეფხიზლებისგან უკეთეს შედეგს იგრძნობს.

ახლა საოცრად მშვიდად ვარ. გასაკვირად მშვიდად. შეიძლება იმიტომ, რომ თქვენმა წერილებმა (ათასობითაა – მართლა. ყოველ წამს მოდის და მოდის) დიდი ძალა მომცა. ამ ძალის განცდით დავიძინებ. მშვიდობიანი ღამე ყველას – მტერსაც და მყვარებელსაც. თქვენი გიორგი კეკელიძე“.