როგორ აღნიშნა ციხეში დაბადების დღე Puff Daddy-მა - გავრცელდა მენიუს ფოტო
1730969658
მედეა ამირანაშვილს საზოგადოება ხუთ დეკემბერს გამოემშვიდობა. 95 წლის არტისტი დიდუბის პანთეონში, დედის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს.
ოპერის მომღერლების ოჯახში დაბადებულ გოგონას, სხვა გზა თითქოს არც ჰქონია. ისიც საქვეყნოდ ცნობილი სოპრანო გახდა.
თურმე, მამა, პეტრე ამირანაშვილი ოცნებობდა, სცენაზე წარდგენისას ასე გამოეცხადებინათ - სსრკ-ს სახალხო არტისტები, პეტრე და მედეა ამირანაშვილები... მამა რომ გარდაიცვალა, ეს წოდება ერთ თვეში მიიღო.
უამრავი ჯილდო, აღიარება, სტატუსები, სახელი და დიდება არ დაჰკლებია. მაგრამ "იქ" ხომ მაინც მხოლოდ სიყვარულის ამარა მივდივართ. რაც დავთესეთ, იმას გზადაგზა მოვიმკით და ასე შლეიფად გავიყოლებთ პროცესიაზე...
ლეგენდარულობა ხელს არ უშლიდა იმაში, რომ მისთვის სიყვარულით "პეტროვნა" დაეძახებინათ. პირიქით, ამას უფრო ორგანულად იღებდა. ამ დეტალშიც ხომ ჩანს, რომ უშუალობა და ადამიანურობა რომ მართავდა ვარსკვლავად აღიარებულს.
ახალგაზრდებთან ურთიერთობა უყვარდა და როგორც მისმა მეგობარმა და კოლეგამ, იმერი კავსაძემ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თქვა, ყველა მოწაფე, სტუდენტი, ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია, ყველა უდიდესი სიყვარულით იხსენებს მედიკოს და ეს ხომ იმაზე მეტყველებს, როგორი ადამიანი იყოო.
ამ ახალგაზრდა მეგობრებიდან, მას ფავორიტებიც ჰყოლია. კახი ლაზარიშვილი, "პრაიმტაიმის" მკითხველს, თავის პეტროვნას აცნობს.
კახი ლაზარიშვილი: - "პეტროვნას" ვეძახდით. ეს მოსწონდა. მამა, პეტრე ამირანაშვილი ძალიან უყვარდა, მისით ამაყობდა და პეტროვნას რომ ვეძახდით, უხაროდა. მთელი საოპერო საზოგადოება მას ასე მიმართავდა.
მე მას ტელევიზიაში მუშაობის დროს დავუახლოვდი. სამი წელი "მოამბეში", შემდეგ "მეორე არხის" საინფორმაციო გამოშვების კულტურის ბლოკზე ვმუშაობდი, შემდეგ კი ოპერასა და ბალეტზე საავტორო გადაცემა გავაკეთე. 1995 წელი იყო. ქალბატონ მედეაზე დიდი გადაცემა გამომივიდა. სწორედ მაშინ დავუახლოვდით ერთმანეთს.
მისი ქალიშვილი, მარინა ფარულავა შემოქმედებითი ტურნეთი, რამდენიმე წლით, ამერიკაში იმყოფებოდა. იმ დროს პეტროვნა თეატრიდან წასული იყო და კონსერვატორიაში მოსწავლეებს ამეცადინებდა. პროფესორი გახლდათ, მოგეხსენებათ. დაასრულებდა თუ არა გაკვეთილებს, მე და ჩემს ორ მეგობარს გვირეკავდა, მივდივარ სახლში და გელოდებით ჩემთანო. ჰქონდა თუ არა კონკრეტული მიზეზი, მაინც პოულობდა მას, რომ მასთან მივსულიყავით. სურდა, რომ იმ არეულ დროში, უსაქმოდ, ქუჩაში არ ვყოფილიყავით და ეს აერიდებინა ჩვენთვის.
ხშირად მივყავდით აგარაკზე, ნაფეტვრებში. იქ ეზოში ვეხმარებოდით. არანაკლებ აქტიურობდა თვითონაც და არც თოხს და ბარს ერიდებოდა, არც სხვა ხელსაქმეს. მიწაზე მუშაობას გვასწავლიდა, მცენარეების ირგვლივ როგორ შემოგვებარა მიწა.
ვესწრებოდით ოპერის თეატრში ჩატარებულ ყველა სპექტაკლს, საოპერო იქნებოდა ეს, თუ საბალეტო. ათი-თხუთმეტი კაცი რომ იჯდა, პლუს სამი მაყურებელი მე და ჩემი მეგობრები ვიყავით.
ასე ცდილობდა მის გვერდით ვყოფილიყავით. ჩვენზე ზრუნავდა. რაც ჰქონდა, აუცილებლად ჩვენც გვიწილადებდა. მარტო არაფერს მიირთმევდა. უნდოდა, ჩვენთვისაც გაეყო.
აი, ასე, ქუჩაში გასასვლელ დროს არ გვიტოვებდა. 90-იანი წლების ქუჩას ამგვარად აგვარიდა.
უყვარდა სტუმრები. მასთან სულ სტუმრიანობა იყო. განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ურთიერთობა უყვარდა. სულ ცდილობდა მათთან ეკონტაქტა. შინაგანად სულ თანამედროვე იყო. ახალი თაობის დიდი ქომაგი იყო. მათთვის ყველაფერი ემეტებოდა. კონსერვატორიაში ან ოპერაში მისადმი მიძღვნილ კონცერტებზე სურდა რომ ახალგაზრდებს მიეღოთ მონაწილეობა. ახალგაზრდა მომღერალი სცენაზე უნდა გაიზარდოსო, ამბობდა. ატყობდა, ღირდა თუ არა გარისკვად. ბევრჯერ გაურისკავს და გაუყვანია ახალგაზრდა მომღერლები სცენაზე.
ვთქვათ, რაიმე არ მოსწონდა. შენიშვნას ისეთი ფორმით ეტყოდა, ადამიანი ვერ მიხვდებოდა. შეაქებდა, მაგრამ მასში რჩევა იდო. შენიშვნას რჩევის სახით ნიღბავდა.
მისი თაობის მომღერლებს ერთმანეთი უყვარდათ. ერთხელ ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში პეტროვნას დაბადების დღე აღნიშნეს. იქ იყვნენ - ცისანა ტატიშვილი, ნოდარ ანდღულაძე, შემდეგი თაობის და ასევე ახალგაზრდა მომღერლები. ცისანა ტატიშვილი სიტყვით გამოვიდა: მედიკო, შენ რომ წახვედი თეატრიდან, იმ მომენტში დასრულდა ოპერის თეატრში სოპრანოების ეპოქაო. მედეაც იმავეს ამბობდა ცისანაზე. ერთმანეთს აქებდნენ. კეთილ სიტყვებს არავისთვის იშურებდა, უნდოდა ყველა გაეხარებინა. ყველას დახმარებოდა. როგორც შეეძლო ყველას ეხმარებოდა. და ბევრი შეეძლო პეტროვნას.
სიდნეის ოპერა რომ გაიხსნა, საბჭოთა კავშირიდან მედეა პეტროვნა გაუშვეს. გალა კონცერტზე სხვადასხვა ქვეყნის მომღერლების გვერდით უნდა ემღერა. ჰყვებოდა, აღფრთოვანდნენ და მთხოვეს, სიდნეის თეატრში დავრჩენილიყავიო. ძალიან მინდოდა, მაგრამ მე რომ იმ დროს ავსტრალიაში დავრჩენილიყავი, ოჯახს ამიწიოკებდნენ, მამას დაიჭერდნენ, ციხე-ციხე ატარებდნენ და ყოველგვარ საზოგადოებრივ აქტივობას ჩამოაშორებდნენო.
ათი დღე ყოფილა იქ. ერთხელაც, სანაპიროზე რადიომიმღები ჩაურთავს და საქართველოს რადიო დაუჭერია. ქართული საუბარი რომ გავიგე, ავფორიაქდი და დღეებს ვითვლიდი, როდის დავბრუნდებოდი თბილისშიო. ბევრჯერ შეუთავაზებიათ დიდ თეატრში გადასვლა, მაგრამ ვერ გადავიდა. დავდიოდი გასტროლებზე, მაგრამ თორმეტი დღის შემდეგ, ნოსტალგია მიპყრობდა და არსად შემეძლო გაჩერებაო, ამბობდა.
გამოგიტყდებით: ძალიან უნდოდა, რომ მემღერა და სულ ცდილობდა დავერწმუნებინე იმაში, მეფიქრა და დამეწყო მეცადინეობა ვოკალში. პირველად, სახლში მასთან თვითონ მიუჯდა როიალს და გამამღერა... დაძაბული კი ვიყავი და თავს უხერხულად ვგრძნობდი ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაში, მაგრამ მაინც ვაკვირდებოდი პეტროვნას განწყობას და რეაქციებს და ვხედავდი დამოკიდებულებას, რომ იმ მომენტში მას მოსწონდა, რასაც ისმენდა, უცხოს, მაგრამ რამდენად საინტერესოს, ამას იმ დროისთვის ვერ ვხვდებოდი...
მერე კი მითხრა, კარგი ხმა გაქვს, აუცილებლად უნდა იმღერო. შენ თუ დამიჯერებ, მალე კონსერვატორიაშიც ჩააბარებ და ამღერდები, ოღონდ შოშიასავით ნუ აღებ პირს, თუმცა არაუშავს, მერე მაგასაც ისწავლიო. ოღონდ გადამეწყვიტა სიმღერა, რა არ სცადა. ცისანა ტატიშვილსაც კი უთხრა, დაელაპარაკე, იქნებ შენ მაინც დაითანხმოო.
"თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საზღვრები ღიაა, ხელის შემშლელი ფაქტორები თითქმის აღარ არსებობს, ახლა უკვე ადამიანზე და მის ნიჭზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს შესაძლებლობებს. ჩვენ, სხვა ეპოქაში ვცხოვრობდით, ადვილად ვერ დავდიოდით, დამოკიდებული ვიყავით გოსკონცერტზე და მათ ხასიათზე, ისინი გვიგეგმავდნენ თითოეულ გასტროლს, თანაც იქ რომ ჩავდიოდით ადამიანებთან თავისუფალი ურთიერთობების არც საშუალება გვქონდა და არც უფლება. აქედან გამოგვაყოლებდნენ ადამიანს, რომელიც გვაკონტროლებდა და მუდმივ კონტაქტში იყო მოსკოვთან..." , -გულდაწყვეტით იხსენებდა ხოლმე ამ უხერხულ ეპიზოდებსაც და ამბობდა ახლა, ამ დროში რამოდენა შესაძლებლობები აქვს მომღერლებსო.
ერთ წელს, ვოკალური ფაკულტეტის მისაღებ გამოცდებზე, საკმაოდ კარგი ხმების ნაკადი მივიდა, მაგრამ რადგან ადგილები შეზღუდული იყო, ბევრი მათგანი კონსერვატორიის გარეთ რჩებოდა. ამას ძალიან განიცდიდა და ამ შემთხვევაში უკვე გამოიყენა თავისი ავტორიტეტი და ყველა ღონე იხმარა, რომ სამინისტროს - ადგილები დაემატებინა. უყვარდა ახალგაზრდები და მათზე ზრუნავდა. მე კი სიცოცხლის ბოლომდე მსაყვედურობდა, რომ არ დავუჯერე.
16 მაისს, მის დაბადების დღეზე ვიყავი. ბევრი სტუმარი ჰყავდა. გაუხარდა ყველას ნახვა. გვეფერებოდა. მალევე ფეხი მოიტეხა და ჩაწვა ლოგინში. კიდევ მივედი სანახავად. ხელი დამიქნია და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
ძალიან უყვარდა სამკაულები და მოდურად ჩაცმა. სულ თანამედროვედ გამოიყურებოდა. შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. არანორმალურად უყვარდა წითელი პომადა. იცვამდა ახალგაზრდობის დროს შეძენილ სამოსსაც. მოდას უსწრებდა. იყო გემოვნებიანი.
ჰყავდა ფისო ბიბი. არ ვიცი, დაკარგული იყო, თუ სახლიდან გამოგდებული, მაგრამ პატრონი არ გამოუჩნდა; ერთ დღეს ბიბი მარინას (პეტროვნას ქალიშვილი) კართან დახვდა. ბიბის გაუმართლა, რომ იმ სართულზე და მათი ბინის კარებთან მივიდა... პეტროვნამ იმ წუთიდან ჩაიხუტა ბიბი და დაიწყო მასზე ზრუნვა... ანებივრებდა და ამბობდა, რადგან პასუხისმგებლობა ავიღე, ბიბის არაფერს მოვაკლებო და ასეც იყო. ისე უვლიდა, როგორც პატარა ბავშვს. ბიბი, საუკეთესო საკვებს მიირთმევდა და პეტროვნა თავად უხარშავდა ქათმის ფილეს. ეს ანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას. ბიბისაც უყვარდა პეტროვნა და ჩვენზე ეჭვიანობდა, როგორც კი მის გვერდით დაგვინახავდა, იფხორებოდა და გვაგრძნობინებდა, რომ დისტანციით ვმდგარიყავით.
ყველასთვის ზრუნავდა. თვლიდა, რომ ეს მისი ვალდებულება იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას