„ალი ავარდა! თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო...“ - სასწაული, რომელიც ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში შეემთხვა

ტარიელ ხარხელაური

ტარიელ ხარხელაური დღეს სასწაულის მომსწრე გახდა. ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში - იგივე ბაგრატის ტაძარში, პოეტის ხელში სანთლები თავისით აინთო!

სასწაულის შესახებ, გაოგნებულმა პოეტმა "პრაიმტაიმს"უამბო.

ტარიელ ხარხელაური: ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლის გახსნაზე გახლდით სტუმრად მიწვეული. ბავშვებთან შეხვედრა მქონდა. შემდეგ, მეუღლესთან ერთად, ბაგრატის ტაძარი მოვილოცე. მივედი ჯვარცმასთან ხელში ხუთი სანთლით. ვდგავარ მაცხოვრის ჯვარცმის წინ და უფალს შევთხოვ: უამრავჯერ გიპატიებია შეურაცხყოფა და იქნებ ახლაც აპატიო ამ ცოდვილ სამყაროს-მეთქი...

უცებ, ამ დროს, ხელში სითბო ვიგრძენი; ხუთ სანთელში აქედან-იქედან ორ-ორი აინთო, შუა სანთელი არ აინთო! სანთლებთან ახლოს არ ვმდგარვარ. რა ახლოსაც არ უნდა ვმდგარიყავი, ასე ერთდროულად სანთლები ვერ  აინთებოდა! ალი ავარდა!

ეს სასწაული რამდენიმე საათის წინ მოხდა და ახლაც გაოგნებული ვარ. გულს ბაგა-ბუგი გაუდის! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. თვითონ მიკვირდა სხვა რომ ჰყვებოდა, ან გავიგებდი. დღეს საკუთარი თვალით ვიხილე...

 საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიმართავს უფლისთვის. სამყაროსთვის და ქვეყნისთვის შევთხოვ ხოლმე. მაგრამ დღეს რაც მოხდა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. გაოცებულიც ვარ და დათრგუნულიც, რადგან მე ამის მოლოდინი არ მქონია. ცეცხლის გადმოსვლის სასწაულის მომსწრე გავხდი!

მადლობა უფალს ამის ღირსი რომ გამხადა... ჯერ თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო, ნიშანი თუ რა... გულს ბაგა-ბუგი გაუდის.

თავიდანვე ვიცოდი, რომ უფალი ჩემთან იყო, მაგრამ მთლად ასე ახლოს თუ იქნებოდა, ვერ ვიფიქრებდი...

ასევე დაგაინტერესებთ: მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს... - რას ამბობდა მამა გაბრიელი ილია მეორის შესახებ

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ