„სესილიას პარტნიორობა, ადვილი არ იყო, კინოში ისეთ სასწაულებს ახდენდა, პერსონაჟების სურნელსაც იგრძნობდი“ - მოგონება იუბილარ თინა ბურბუთაშვილზე

sesilia

საქართველოს სახალხო არტისტი, თინათინ ბურბუთაშვილი 101 წლის გახდებოდა... თელავის თეატრში განსახიერებული უამრავი ტრაგი-კომიკური როლის მიუხედავად, მსახიობი, მაყურებლის მეხსიერებაში, "ნატვრის ხეში" შესრულებული შეთეს დედის როლით დარჩა...

აბულაძის ამ კინოშედევრის გარდა, მან ორი როლი შეასრულა ფილმებში - "ამბავი ერთი ქალიშვილისა" და "როცა დედები შინ არ არიან".

აი, რას წერს რეჟისორი კოტე მირიანაშვილი თინა ბურბუთაშვილზე.

კოტე მირიანაშვილი: - ხშირად თეატრის მსახიობები კინოშიც თეატრის ხერხებით თამაშობდნენ. იშვიათად, ძალიან ნიჭიერები და ჭკვიანები ერგებოდნენ კამერის ფოტოგრაფიულ, ცხოვრებისეულ ხედვას, აზრს და ემოციას მხოლოდ თვალებით, შინაგანი სამყაროს ამ სარკის საშუალებით გადმოსცემდნენ.

სულ სამ ფილმში ყოფილა გადაღებული თინა ბურბუთაშვილი, აქედან ერთი არ მინახავს, დანარჩენი ორი ნამდვილი კინო-მსახიობის ნამუშევარია. ეს გამოხედვა ,,ნატვრის ხიდან" და მთელი როლიც შედევრია, ისე როგორც ყველაფერი ამ გენიალურ ფილმში.

ადვილი არ იყო, ალბათ, სესილიას პარტნიორობა, რომელიც კინოში ისეთ სასწაულებს ახდენდა, მისი პერსონაჟების სურნელსაც იგრძნობდი. სხვათა შორის, იგივე ფილმში რამდენიმე დიდი თეატრალური მსახიობი ძალიან თეატრალურად თამაშობს. თინა არა, თუმც ის პროვინციის თეატრის პრიმა იყო და შორს იყო აქტიური კინო-საქმიანობისგან. მან შექმნა ისეთი დიდი მსახიობის იმიჯი, რომელიც პროვინციაშიც დიდი მსახიობია და კოლეგებთან ერთად დაწერა ქალაქის ისტორიის საკუთარი, თეატრალური ფურცელი. ამ ერთი როლით კი იგივე გააკეთა ქართულ კინოშიც!