"ნონა სრულიად შთამაგონებელი იყო" - ქეთი მელუა ჭადრაკის დედოფალზე

katie

ლონდონში საქართველო-ლონდონის კინოფესტივალზე სოსო ბლიაძის "ოთარის სიკვდილის" და თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმის - "დიდება დედოფალს" ჩვენება შედგა.

ფესტივალს ლონდონში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ, მათ შორის, ორსული ქეთი მელუა, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მუსიკოსი წერს: ნონას ნათქვამი ჩემი საყვარელი ციტატა, რომელიც მან მამაკაცებს მიუგო არის: "ნონა, შენ არ ხარ ჩვენზე უკეთესი ჭადრაკში, უბრალოდ ღამით ჩვენზე უკეთ გძინავს." ჭადრაკის დედოფალი ამაზე პასუხობს - ამის მიზეზი ჩემი კარგი ნერვული სისტემა და ცხოვრებისადმი ჯანსაღი მიდგომაა. ის სრულიად შთამაგონებელი იყო.

ფილმი "დიდება დედოფალს" საქართველოს, ავსტრიისა და სერბიის კოპროდუქციაა.

დოკუმენტური ფილმი ოთხი მეგა მოჭადრაკის – ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ცოცხალი ისტორია ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირებზე, თუ როგორები არიან ჭადრაკის რევოლუციონერი ქალები ტიტულებს მიღმა, არაჩვეულებრივად ჩვეულებრივები, ექსცენტრულები, პედანტურები და თავისუფლები. რეჟისორი და სცენარის ავტორი თათია სხირტლაძე გახლავთ. სცენარზე თათიასთან ერთად ინა ივანჩეანუმ იმუშავა.

ნანა ალექსანდრია: თათიამ, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა, მოგვიყვა, საიდან წამოვიდა ფილმის გადაღების იდეა. როდესაც ვენაში წარმომავლობას ეკითხებოდნენ, მათ საქართველოზე სტალინის ასოციაცია მოსდიოდათ. მოულოდნელად იქ კულტურის ისტორიკოსს უთქვამს, ეს ის ქვეყანაა, მაგარი მოჭადრაკე ქალები რომ ჰყავთო! ავსტრიაშიც რომ ეს სახელები დამხვდა, მივხვდი, რომ ეს ბრენდი იყოო, თქვა თათიამ. მოკლედ, აენთო და ფილმის გადაღებას შეუდგა.

ნონა გაფრინდაშვილი: – ჩემი პირველი გაოცება გამოწვეული იყო იმით, რომ ფილმი არაპროფესიონალს, ანუ მხატვარს უნდა გადაეღო. თათია მხატვარია და ეს პირველი ფილმია მისთვის. თუმცა მან რესურსი მოიპოვა, ნახა არქივი, შემოიკრიბა პროფესიონალები. კარგი სერბი ოპერატორი ჰყავდა და ტემპში წავიდა ყველაფერი. შემიძლია გითხრათ, რომ ფილმი შედგა. განსხვავებული ფილმია და მგონია, რომ მაყურებელი მიიღებს.

პირველ პლანზე მოჭადრაკეები ვართ, ფილმით საქართველო ფართო მასშტაბით წარსდგება მსოფლიოს წინაშე.

თქვენთვის როგორი სატარებელი იყო დედოფლის ტიტული?

– ჩვეულებრივი… კარგი და სასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა. ვის არ უხარია წარმატება.