ხელოვანები, რომლებმაც წელს გული დაგვწყვიტეს...

art

ბოლო ორი წელია, დიდი ადამიანების წასვლის თვალსაზრისით, საშინლად დიდ დანაკლისს განვიცდით. თავისი მასშტაბით იმხელა  პიროვნებები გვტოვებენ, რომ ამ სიცარიელის ამოვსება, ცალსახად შეუძლებელია.

გასულ წელს იმიერში მიყოლებით გადაინაცვლნენ - თემურ წიკლაურმა, ზურა დოიჯაშვილმა, გურამ დოჩანაშვილმა, ანზორ ერქომაიშვილმა, კახი კავსაძემ, რეზო გაბრიაძემ, გელა ჩარკვიანმა... სიტყვები ზეტმეტია, შეფასებას ვერ გააკეთებ.

2022 წელი ტრაგედიით დაიწყო. 5 იანვარს, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე. შოკი იყო თეატრალური და არა მხოლოდ თეატრალური სამყაროსთვის... "ღმერთო, რატომ?“, - წერდა ნიკას ცოლი, ნინო ბერიძე ფეისბუქზე. 43 წლის მსახიობს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა...

თებერვალში კორონავირუსის შემდგომი გართულებით 67 წლის ასაკში გარდაიცვალა თამაზ მეჭიაური.

"საავადმყოფოში რომ მოხვდა, ჩემზე დარდობდა, მე ხომ არ გადავდე ტარიელს ვირუსიო, ჩემს მეუღლეს დაურეკა. იმ დღეს ყველა თიანეთელს შეხვდა კორონავირუსი, ჩემს გარდა. სამჯერადმა აცრამ მიშველა" - "პრაიმტამთან" იხსენებს ტარიელ ხარხელაური.

კოვიდის შემდგომ განვითარებული პნევმონიის შედეგად 80 წლის გუჯა ბურდულმა 5 მარტს დაგვტოვა. ილიასეული კაცისა და ადამიანის გამოსვენებამ, სიონის ტაძრიდან, მის მსგავსად მორიდებული ცერემონიით ჩაიარა...

"იცით, როგორი სიცილი იცოდა? უხმოდ ჩაბჟირდებოდა. იცინოდა, კვდებოდა სიცილით, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა.

ახლოს რომ მივიდოდი, აუცილებლად დამტაცებდა მარჯვენა ხელზე ხელს და მაკოცებდა. სიყვარულის ასეთი გამოხატვა ჰქონდა.

ისეთი გულიანი სითბოთი იღიმოდა, თვალებს რომ დახუჭავდა, ქუთუთოები განათებული ჰქონდა..." - ჩვენთან საუბარში მეგობარს ტარიელ ხარხელაური იხსენებს.

ივნისში შოუბიზნესის სამყარომ შოკის მომგვრელი ინფორმაცია შეიტყო. მოსკოვში სახლში გარდაცვლილი იპოვეს 31 წლის ლევან კბილაშვილი. ექსპერტიზის დასკვნა ოჯახმა მოგვიანებით მიიღო.

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლევანის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტია, რაც ტვინში სისხლის შეგუბებას და ანევრიზმას იწვევს. მე ჩემ თავს ვადანაშაულებ, რომ გამოგვეპარა და თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადავაღებინე. მაგრამ თავის ტკივილი არ ჰქონია, არასდროს აწუხებდა" - ჩვენთან საუბარში ამბობდა მომღერლის დედა, მელიტა ფურცელაძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა მამუკა ონაშვილის გარდაცვალების მიზეზი. მომღერალი მეგობრებთან ერთად მგზავრობდა, როდესაც ნატახტართან ავარიაში მოჰყვა. სიცოცხლისთვის რამდენიმე დღე იბრძოლა...

"სუფრებზე სულ თა­მა­დად ირ­ჩევ­დნენ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და. თა­ვი­სი ბუ­ბუ­ნა ხმით, გარ­შე­მო სიყ­ვა­რულ­სა და სი­კე­თეს აფ­რქვევ­და, იუ­მო­რით აღ­სავ­სე იყო. თუმცა გულით სევდას და ტკივილს დაატარებდა და ეს მხოლოდ ახლო მეგობრებმა ვიცოდით" - იხსენებს ნუგზარ კვაშალი.

აგვისტოში მძიმე სენთან ბრძოლაში სუხიშვილების სოლისტი, კობა მეტრეველი დამარცხდა. დედა სარა "პრაიმტაიმთან" იხსენებდა 41 წლის მეგობარს.

"მისი ამბით რომ დავინტერესდი, მითხრა: მეტასტაზები გადასულია ღვიძლზე, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. იმის უფლება არ მაქვს, სულიერად დავეცე და ამ დაავადებას დავემორჩილო, რადგან ჩემს უკან უამრავი ხალხი ხართ, ვისაც გიყვარვართ და ვისი იმედებიც უნდა გავამართლოო.

წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთს მაშინ გაჰყავს ადამიანი წუთისოფლიდან, როდესაც მისი ცხონების ყველაზე დიდი შანსია..."

 შედარებით "ასაკში" იყო მაესტრო, თემურ ჩხეიძე, თუმცა 78 წლის რეჟისორის გარდაცვალება მაინც მოულოდნელი იყო. გულის აორტის ოპერაციამ მოგვიანებით ორგანოებიდან სისხლდენა გამოიწვია. 

"ბოლო საუბარი ვერ მოვახერხე, ვერ შევედი მასთან... რამდენიმე წლის წინ მითხრა, ჩემი წასვლის დღე რომ დადგება, ჩემ გვერდით იყავიო. ვერ ვიყავი... საფლავზე მარტო მისვლა არასდროს მიყვარდა. ახლა მარტო მირჩევნია მივიდე და ველაპარაკო" - გვითხრა მაკა მახარაძემ.

სექტემბერში გარდაიცვალა მიშა გომიაშვილი. ბოლო პერიოდში მსახიობი კლინიკაში არაერთხელ მოხვდა. თუმცა წინ გეგმები ჰქონდა. იმ დღესაც თავისით ჩამჯდარა სასწრაფოს მანქანაში... 

"ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარია... ვცდილობ, ცხოვრება განვაგრძო. ძალიან მიყვარს მიშა და სულ მეყვარება" - ამბობს არტისტის ცოლი, ქეთი კალანდაძე.

86 წლის ლია მიქაძე ნოემბერში გადავიდა მარადისობაში. საქართველოს პირველმა არხმა მაუწყებლობა 1956 წელს დაიწყო. ლია მიქაძე ტელევიზიაში დღიდან დაარსებისა 2004 წლამდე მუშაობდა.

2013 წლის დეკემბერში, არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, მას საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.

დაუვიწყარი "მამლუქის" გოჩაც წელს წავიდა... ვაჟა ჯოჯუა ალცჰაიმერით იტანჯებოდა. 

დავით რონდელს უკვე ნაპოვნი ჰყავდა ხვიჩას როლის შემსრულებელი "მამლუქისთვის" და ეძებდა ბავშვს, ვინც გოჩას როლისთვის შესაფერისი იქნებოდა. ვაჟა ჯოჯუა ურეკის სანაპიროზე შემთხვევით უნახავს და უთქვამს - „აგე, ვიპოვე, ვიპოვეო”. შეშინებული ვაჟა სანაპიროზე მირბოდა, უკან კი რონდელი მისდევდა... "მამლუქი" ვაჟასთვის ერთადერთი ფილმია, რომელშიც ითამაშა. მას შემდეგ ის ეკრანზე არ გამოჩენილა...

2022 წელი უკანასკნელი აღმოჩნდა ნუგზარ შარიასთვისაც. შეუდარებელი ონისე 82 წლის ასაკში მიაბარეს მიწას. 

პირველი როლი 15 წლის ასაკში შეასრულა, 26 წლის ასაკში კი საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

2020 წელს ლოს-ანჯელესში, ნუგზარ შარია ფარული კენჭისყრით აირჩიეს „ოსკარის“ ჟიურის თავმჯდომარედ - მისი კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.

ზურა შარია: მამა, მეუღლესთან ერთად, ხშირად დადიოდა ხორვატიაში, მაგრამ მიუნხენში, საქმეზე იყო ჩასული. ვირუსი იქ შეეყარა, თავიდან კოვიდი ეგონათ, მაგრამ არ აღმოჩნდა. სიმსივნე, პანდემიამდე ერთი წლით ადრე დაამარცხა, რამდენიმე თვის წინ, ივლისში, ანალიზები გაიკეთა და ყველაფერი იდეალურად ჰქონდა, სრულიად ჯანმრთელი იყო.

ვარსკვლავის გახსნის გადაწყვეტილების მიღება, ბოლომდე ვერ მიიყვანეს, სულ ელოდებოდა, მისი უდიდესი ოცნება იყო. წერილი გავუგზავნეთ კინო აკადემიას და პასუხს ველოდებოდით... 

93 წლის იყო ნოდარ ნათაძე. ღრმად მოხუცებული პოლიტიკოსი 17 ნოემბერს დაკრძალეს. მან ღრმა კვალი დატოვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში.

ირაკლი ალადაშვილი: ... ჭუბერში დევნილების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა, გაჭირვებული ხალხი მიწაზე იწვა, სოფლის მცხოვრებლებს ყველას სახლებში განთავსება, უბრალოდ, ტექნიკურად აღარ შეეძლოთ. ნოდარ ნათაძე კი ადგილობრივი მასწავლებლების ოჯახმა მიიპატიჟა ღამის გასათევად, მან კი მეც წამიყოლა და ის ღამე ლოგინში გავათენე, რაც უდიდესი შვება იყო იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათი დღე, 19 სექტემბრის შემდეგ, რაც სოხუმში ჩავფრინდი, იატაკზე ან სანგარში მეძინა.

დილაუთენია კი ბატონი ნოდარი მაღვიძებს - ირაკლი ჩაიცვი, ცხენები მოვძებნოთ და უღელტეხილით ისევ საკენისკენ წავიდეთ, თოვლი მოდის, დევნილებს გაუჭირდებათ და უნდა დავეხმაროთო... წაყოლის თავი არ მქონდა, რაც დღემდე მაწუხებს.

ნოდარის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი თამარ სხირტლაძეც. ბოლომდე სცენაზე იდგა, აზროვნებდა, როლზე მუშაობდა, სატელევიზიო შოუებში მონაწლეობაზეც არ ამბობდა უარს. 

ლეო ანთაძის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო, გეგმა მეგობრებმა ადრევე ჩამოწერეს, თუმცა იმ დროს მსახიობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. ფილტვების ანთება გაურთულდა...

"მანქანა უნდა გამეგზავნა. მაგრამ გავიგე, რომ ცუდად იყო და კლინიკაში გადაიყვანეს. ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. ძალიან ძლიერი ქალი იყო. შვილმკდარმა სცენაზე დაბრუნება და თამაშის გაგრძელება შეძლო. ეს იშვიათია. ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით. მამაკაცებში მე მოვხსენი რეკორდი, ჩემს ასაკში ბოლომდე სცენაზე ვარ, ქალებში თამარმა მოხსნა ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი... 93 წლის ასაკამდე ითამაშა," - ლეო ანთაძე.

ნორა კვიციანი მონაზვნად 19 აგვისტოს აღიკვეცა და დედა ქეთევანი გახდა, მდუმარებაში 40 დღე გაატარა, ბევრი ილოცა, უკურნებელი სენი ტკივილით ახსენებდა თავს... 12 დეკემბერს კი გარდაიცვალა.

ირაკლი ლომიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი: - მე ვიცოდი, რომ ნორა დეიდა ამ ნაბიჯს გადადგამდა. ის იმდენად წინ იყო რწმენაში გასული, ერთი ნაბიჯი აკლდა მონაზვნობამდე.

მისი ლოცვა ყველას შეგვეწევა. დედა ქეთევანი მხოლოდ თავისი თავისთვის არ ლოცულობდა. გულში ბავშვობიდან საქართველოს სიყვარული ჰქონდა. მის ლოცვას უფალი შეისმენს. რასაც შენი სამშობლოსთვის გაიღებ და იბრძვი, უფალიც მით მეტად გეწევა.

მონაზვნობის დროს ვერ მოვახერხე ნახვა. ვაპირებდით მისვლას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით ხელი შეგვეშალა.

თავის შვილზე, ერთი კი თქვა, ნეტა, ბაჩოს ნახვას მოვასწრებო? ბაჩო აფხაზეთშია. დღეს კოდორში დედის სულის მოსახსენებლად სუფრა გაშალა.