„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
კახის რაინდული თვისებების ჩამოთვლისას, არტისტის სიყვარულის უსაზღვრო ნიჭზე ამახვილებენ ყურადღებას. დავფიქრდი, მართლაც რატომ უყვართ კახი ასე ძლიერად? თანაც ყველას განურჩევლად ასაკისა? იმიტომ რომ კახი სიყვარულს აფრქვევდა და მზეს გვიზიარებდა... ყველას ესაუბრებოდა და თანაც გულწრფელად...
ბელასადმი სამაგალითო დამოკიდებულებით უკეთესები გაგვხადა, სიყვარული აფრქვია და წავიდა... კაცი-დღესასწაული იყო. უკვე ოთხი წელია უამდღესასწაულოდ ვართ.
დღეს კახი კავსაძე 90 წლის გახდებოდა.
"პრაიმტაიმთან" არტისტს მისი დეიდაშვილი ცირა ხოშტარია იხსენებს. ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება ერთად გამოიარეს. ჰოდა, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ მსახიობმა, როცა მარტო დარჩა, ცირას გარდა სხვა არავინ ისურვა, რომ მასზე ეზრუნა...
"გამოვიდა ისე, რომ უკანასკნელი 15 წელი ვიცხოვრე მასთან. ისეთი ადამიანი იყო, რომ უცხოს სახლში ვერც აიტანდა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უმწეო გახდა. მახსოვრობა დაუსუსტდა. ვერ მივატოვებდი.
კორონა მან მოიტანა სახლში. კახის სახლში ყოფნა ხომ არ შეეძლო. ვთხოვდი, ნუ დადიხარ, გადაგედება-მეთქი. ვერ გავაჩერე, ხალხთან ურთიერთობა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ვირუსი მოიტანა კიდეც და გადაგვედო მეც, მის მომვლელსაც, იმერის და მის ოჯახს. მე საავადმყოფოში დავწექი. მერე უფრო და უფრო გაურთულდა, გაურთულდა და... პატარაც არ იყო, თუმცა შეიძლებოდა კიდევ ეცოცხლა.
მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, მე იშვიათად მეგულება. დედამისიც ასეთი იყო. კახისაც ბევრი ადამიანისთვის ჰქონდა სიკეთე გაკეთებული. ქუჩაში რომ ვეღარც დადიოდა უკვე, მაინც არ გაუშვებდა ბავშვს ისე, რომ არ მოფერებოდა. სახელს ეკითხებოდა, რას თამაშობო, გამოელაპარაკებოდა. ასეთი იყო.
ჩვენს ოჯახში ყველასთვის მაგალითია კახი, ნამდვილად. იმერიზეც გიჟდებიან ჩემი შვილები და შვილიშვილი. მაგრამ კახი გამორჩეული იყო. ალბათ, სხვებისთვისაც ასეთად ჩანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამხელა სიყვარული და პოპულარობა ისე არ მოვიდოდა მასთან."
***
ნანა ჯანელიძე: – კახი ყველას უყვარდა. არ მინახავს, სადმე მისულიყო და დიდი ფურორი არ მოეხდინა ადამიანურად, არტისტულად.
მაინც მგონია, რომ დაუფასებელი იყო. გაცილებით მეტ ფილმში უნდა ყოფილიყო გადაღებული, ვიდრე არის. მის ნიჭს და ტალანტს გაცილებით მრავალი ჟანრის მოცვა შეეძლო.
ფილმზე - „იქ თეატრი არის?“ მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კახი მხოლოდ დიდი არტისტი არ არის. ის ერთდროულად დიდი ტრაგიკოსი და კომიკოსი იყო. მას აბსოლუტურად ყველაფერი ხელეწიფებოდა.
საოცარი უნარი ჰქონდა იმ წუთში, იმ კონკრეტულ დუბლში თავისი პოტენციალის ათასი პროცენტი გაეცა.
ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ეთაყვანებოდა. სურათებს იღებდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ…
ყველას უჩერდებოდა და დიდ სითბოს და სიყვარულს უჩვენებდა. უყვებოდა ისტორიებს და თან ისე, ათასკაციან დარბაზში რომ ჰყვება არტისტი და იხარჯება. ასე იხარჯებოდა ნებისმიერი ადამიანის წინ, თუნდაც მოწყალების მთხოვნელის წინ, რომელიც ამ დროს იქვე იდგა...
ასეთი გულუხვობით გასცემდა თავის ნიჭს, სითბოს და სიყვარულს. ამიტომ კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და ღირსების მქონე ადამიანი გახლდათ. მას ყოველთვის უხაროდა სხვისი ნიჭი, გამარჯვება და სიკეთე. ამით ძალიან ბედნიერდებოდა. მე არ მინახავს მასში შურის ან ძაგების პატარა უხერხული ჩრდილი. ეს სიყვარულის ფრქვევა და სინათლე ყველაზე მოქმედებს, მზის სხივებს ჰგავს…
არაჩვეულებრივი მამა და კიდევ უფრო დიადი დედა ჰყავდა. ამ დედამ მოახერხა ის, რომ ორ ვაჟს, რომლებსაც შვიდი წელი ჰქონდათ მამასთან ერთად ნაცხოვრები, ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრა მამა. მამა, რომელიც წავიდა ომში, დაჭრეს, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.
კახის ორჯერ ჰყავს ნანახი მამა. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ.
კახის ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეხვედრია უცხოეთში ადამიანი, რომელმაც უთხრა, მე ნაცისტურ ბანაკს დათაშკამ გადამარჩინაო…
კახი ქართული რაინდული სულის განსახიერებაა მისი დამოკიდებულებით ბელასადმი. ის ისტორია, რაც მას გადახდა, შეიძლება მითებში წაიკითხო: 12 წელი ელოდა ბელას, თავისთვის უყვარდა, მერე შეირთო ცოლად, მასთან ერთად იცხოვრა… თუმცა ერთად ყოფნის სამი წლის თავზე ბელა ავად გახდა და ნელ-ნელა ილეოდა და ქრებოდა. კახის უფრო და უფრო უყვარდა ბელა. მთელი ცხოვრება უყვარდა. ბოლოს ხელში აყვანილი დაჰყავდა ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან და ქეიფობდნენ. ცოლზე ყურებამდე შეყვარებული იყო. ესეც კაცობის იდეალია, რომ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ქალი, მთელი ცხოვრება იყო მისი ერთგული და მასში მზეთუნახავს ხედავდე.
კახი მომნუსხველად საყვარელი გახლდათ ყველა ჯურის ადამიანისთვის, კაცისთვის და ქალისთვის. კაცები კიდევ რაღაც განსაკუთრებულს ხედავდნენ კახიში. იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ეს ხომ საოცრებაა, ასეთი იყო კახი.