1728499899
Exclusive: "მამას მორიკონეს მუსიკა გავატანე ..." - ლეგენდარული "ფესვების" მუსიკის შემქმნელს, 80 წელი ემიგრაციაში შეუსრულდა
კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილი 1 აგვისტოს 80 წლის გახდა. რა ხანია მაესტრო მოსკოვში ცხოვრობს. ბედის ირონიად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ლეგენდარული "ფესვების" მუსიკის შემქმნელი, 80 წლის იუბილეს ემიგრაციაში შეხვდა. მისი შემოქმედება ორ ეტაპად იყოფოდა - საესტრადო მუსიკა, კამერულ–ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები; 1980 წლიდან კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მუსიკალური რედაქტორი გახლდათ. საერთოდ რომ არაფერი დაეწერა, "ფესვების" კინომუსიკაც საკმარისი იქნებოდა. ეს მუსიკა, გუგული მგელაძის ფილმთან სინთეზში, საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ყველა თაობაში. და დრო და ასაკი აქ არაფერ შუაშია. "ფესვების" მუსიკა ყოველთვის ასე სულში ჩამწვდომად გაიჟღერს და ჩავა გულამდე...
მუსიკის შექმნას წინ ერთი პატარა, თუმცა საინტერესო ფაქტი უძღვის. როგორც გუგული მგელაძის ვაჟი, რეჟისორი გიო მგელაძე "პრაიმტაიმთან" პირველად ჰყვება, კომპოზიტორთან მიმავალ მამას, ენიო მორიკონეს კინომუსიკა "გაატანა" და სასხვათაშორისოდ უთხრა, იქნებ, ბატონმა ალექსანდრემ, "ფესვებისთვის", ამ მელოდიის სტილში დაგვიწეროს მუსიკაო.
გიო მგელაძე: მამა რომ "ფესვებს" იღებდა, 17 წლის ვიყავი. ფილმის ეპიზოდში მეც გადამიღო, დოდო აბაშიძის გმირს, ტაქსიში ვეუბნები, თქვენი შვილი გარდაიცვალა-მეთქი...
იმ დროს ყველა პანაშვიდზე ენიო მორიკონე იყო ჩართული. როგორც მაშინ ფილმმა - "ერთხელ ამერიკაში" იმოქმედა ჩვენზე, ასე არც ერთ ფილმს არ უმოქმედია 90-იანებში. მოკლედ, მამას ვთხოვე, მორიკონეს კინომუსიკა ("ნათლიმამა" და "ერთხელ ამერიკაში") წაიღე, მოასმენინე და იქნებ, ამ სტილში დაწეროს "ფესვებისთვის" მუსიკა-მეთქი.
მამა აკითხავდა სახლში და იქ განიხილავდნენ ფილმს, მის მუსიკას. მახსოვს, როდესაც ალექსანდრე რაქვიაშვილმა მუსიკა დაწერა, მამა აღფრთოვანებული დაბრუნდა - ისეთი მუსიკაა, აი, შეუდარებელიო. სხვა არაფერი მახსოვს ამ მუსიკასთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, ყველაფერი შედგა ფილმი, სამსახიობო ანსამბლი, მუსიკა. გადის დრო და ეს მუსიკა კინომუსიკიდან ლამის სიმფონიურ მუსიკად იქცა, ყველგან აჟღებენ. პატრიოტული კუთხით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. "ფესვები" ჩვენი ფილმიაო, ერთმა ემიგრანტმა მოიწერა. მართალიც არის. ეს არის ფილმის "ათიანში მორტყმა", როდესაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ყველაფერი მაგარია, ეს იქნება, მხატვრობა, დრამატურგია, მუსიკა თუ ვიზუალური მხარე, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული და ერთ მთლიანად რომ აღიქმება. რდესაც ფიმი გადის, არ არსებობს თვალი რომ არ შევავლო.