"ეს როგორ შეიძლება? - იკითხავს მავანნი. მათ გასაგონად კი ვიტყვი..." - რას ამზადებს პეტრე კოლხი

petre kolxi

დეკანოზმა პეტრე კოლხმა დიდ მარხვის დროს გადაწყვიტა, რომ ახალი პოეტური კრებული გამოეცა.

"ადამის მონოლოგი",  - ასე ჰქვია კრებულს, რომლის პრეზენტაციას მოძღვარი ორ ნაწილად დაჰყოფს, პოეტური საღამოს სახეს მისცემს და ჯერ ერთაწმინდაში, თავის ვერანდაზე გამართავს, შემდეგ კი, პოეზიის მოყვარულებს, ლექსებით თბილისში უმასპინძლებს. ელოდება კრიტიკას, აბა, ამის გარეშე პეტრე კოლხი წარმოგიდგენიათ?

მანამდე კი "პრაიმტაიმის" მკითხველს კრებულის გარშემო უყვება.

პეტრე კოლხი: 2018 წლიდან მოყოლებული დღემდე პოეზიის საღამო არ ჩამიტარებია, არც მე დავსწრებივარ სხვისას. ვწერდი ლექსებს, გროვდებოდა, მარხვის დროსაც დაემატა ისეთი ლექსები, რომელმაც მიბიძგა კრებულის გამოცემისკენ.

გადმოვეცი ედემის ბაღში მყოფი ადამის ემოცია და მდგომარეობა, ღმერთთან კავშირი, მისგან განდგომა, ევასთან ურთიერთობა, პროტესტი... ადამში, ბუნებრივია, პირველ რიგში ჩემ თავს ვგულისხმობ და შემდეგ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება იგივე პროტესტი ჰქონდეს, უბრალოდ ამას შეიძლება ვერ, ან არ გამოხატავდეს იმ მიზეზით, რომ შეიძლება ჩემსავით კადნიერი არ იყოს. მე ყოველთვის ვარ იმის მომხრე, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ერის კაცი იქნება თუ სასულიერო პირი, როდესაც მას აწუხებს კითხვები, თუნდაც სამყაროსთან, თუნდაც ღმერთთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა დასვას. ის პროტესტი, რომელიც შიგნით მწიფდება, მანამ არ მოგვასვენებს, სანამ თავისუფლებას არ იპოვის. ამდენად ამ კრებულში ბევრი ადამიანის სათქმელი შევიდა. 

კოვიდის დროს ბევრი რამის გადაფასება მოხდა, დღეს უკვე ბევრ რამეს, სულ სხვა თვალით ვუყურებთ, რაღაცების მიმართ ინერტულნიც გავხდით... ადამიანი კი ფორმირების პროცესს მუდმივად უნდა განიცდიდეს. ფორმირების პროცესი კი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება... ეს ყველაფერი ამ ლექსებში მაქვს გადმოცემული. ამიტომ სიმბოლურად, კრებულს ადამის მონოლოგი ეწოდა. ვისურვებდი, რომ ეს ნებისმიერი ადამიანის მონოლოგი იყოს, მათ შორის, ქალებისაც. ადამისგან მოდის ევა, შესაბამისად, ადამის მონოლოგი არ არის მხოლოდ მამაკაცის, ის ზოგადად, ადამიანის მონოლოგია. 

ჩემი თეოლოგიური კითხვები მაქვს საკუთარ თავთან და ეს გადმოცემულია ლექსის ფორმით.

კრებულთან დაკავშირებით კრიტიკას ველოდები, ეს ჩემთვის უცხო არ არის, ჩემი თანამდევი ნაწილია. ეს რომ არ იყოს, მოტივაციაც არ მექნებოდა, რომ კიდევ უფრო მეტი პროტესტი გამოვხატო. 

ეს  როგორ შეიძლება? - იკითხავს მავანნი. მათ გასაგონად კი ვიტყვი: კაცობრიობის განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა კითხვები, ღმერთმა ადამიანი შექმნა, როგორც გონი. შესაბამისად, ის ელოდება ჩვენგან კითხვების დასმა. შეიძლება ჩემს შემთხვევაში დაგვიანებულიც არის ეს კითხვები, თუმცა მაინც კარგია, რომ გაჩნდა ისინი. 

რაც შეეხება კითხვებზე პასუხებს; დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვებში" არის ფრაზა (გამორჩეულად მიყვარს, თეოლოგიური ნაწარმოებია, რელიგიის დარგში ფსიქოლოგიაა) - "ღმერთს სჭირდება თავისუფალი ადამიანის რწმენა და არა სასწაულებით დამონებულის". მაცხოვრის მარჯვნივ გაკრულმა ავაზაკმა ჯვარცმულ ქრისტეში ღმერთი დაინახა, მაშინ როდესაც მიწაზე მოსიარულე და სასწაულების ჩამდენი ვერ დაინახეს და ჯვარს აცვეს. და ღმერთი დაინახა ერთი შეხედვით, ადამიანურ განცდებსა და ემოციებში ჩავარდნილ იესოში და ირწმუნა მისი. აი, ეს არის თავისუფალი ადამიანის რწმენა...