„დედამთილის დასაწუნი არაფერი სჭირდა. შესამჩნევი, განსხვავებული გარეგნობის გოგო იყო და იქცევდა კიდეც რეჟისორების ყურადღებას“ - ანა ნიჟარაძე 54 წლის გახდა

anka

დღეს ანა ნიჟარაძე 54 წლის გახდა. ანას ბავშვობის სახე დაუვიწყარია ფილმებში "სუფთა დაფა", "ზოგი ჭირი მარგებელია". 

თავისი როლებით ცნობილი ანა მხატვარ ზურა პიკო ნიჟარაძისა და მსახიობ ციცინო ციციშვილის უმცროსი ქალიშვილია. 

დღეს სოციალურ ქსელში ბევრი კომენტარი ვნახე, ინტერესდებოდნენ, თუ სად არის ანა ახლა, რატომ არ ჩანს, რას საქმიანობსო. ანამ მამის გზა აირჩია, მხატვარ-სკულპტორია. ბოლო 12 წელია რეზო გაბრიაძის თეატრის დასის წევრია.

პავლე ჩარკვიანის ფილმში "ზოგი ჭირი მარგებელია" 15 წლის ანამ მთავარი როლი შეასრულა. ფილმის სიუჟეტს გაგახსენებთ: ღარიბ, უმამო ჭაბუკს შეძლებული ოჯახის შვილი უყვარს, ქალის მშობლები წინააღმდეგნი არიან მათი ქორწინებისა, ერთხელაც, ქოლერით შეშინებული სოფელი ტყეში გაიხიზნა, ახალგაზრდებმა მოახერხეს ღამით გაპარვოდნენ მშობლებს და დაქორწინებულიყვნენ.

ანამ ინტერვიუსგან თავი შეიკავა. სამაგიეროდ, დაუვიწყარმა ლაურა რეხვიაშვილმა, "პრაიმტაიმისთვის" ფილმთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი ფაქტები გაიხსენა. მისი მონათხრობის მოსმენას არაფერი სჯობს. თუ მამაკაც მსახიობებში, კახი კავსაძე იყო შეუცვლელი მთხრობელი, ქალბატონებში იმავეს ლაურა რეხვიაშვილზე ვიტყოდი.

ფილმში ის ანას გმირის დედამთილის როლს ასრულებს, რომელმაც სპეციალურად ამ როლისთვის მთიულური კილოკავი შეისწავლა და უბადლოდ შეასრულა მთიული დარეჯანის როლი. ამდენად ქართულ მხატვრულ ფილმში მთიულურ კილოკავზე ლაურა რეხვიაშვილი საუბრობს. ფილმისთვის მიწურში იცხოვრა და მთელი მთიულური ესთეტიკა შეისრუტა...

ლაურა რეხვიაშვილი: პავლე ჩარკვიანმა ვაჟა-ფშაველას მოთხრობების მიხედვით გააკეთა კოლაჟი, დაწერა სცენარი და ფილმი გადაიღო. დარეჯანის როლისთვის სრულიად გამოუცდელი ვიყავი, შვილიც არ მყავდა. მაგრამ როლს ისე მივუდექი, რომ მთიულური კილოკავიც ვისწავლე.

ჩემს სოფელ რუისპირში იყვნენ მთიულები და ბავშვობიდან მესმოდა მათი საუბრები. ამ ფილმის გადაღების დროს კი, სამი დღე ვიცხოვრე ფასანაურის მაღლა, მთაზე მდებარე სოფელ წიფორში. ამ ხალხთან ერთად ვიცხოვრე მიწურებში, ამ მისტიკურ ადგილას. ასე გგონია, სხვა სამყაროს, საკრალს ეურთიერთობები. იქიდან გამოდიხარ, დაჯდები კაკლის ტოტზე და არაგვის ხეობას გადაჰყურებ. იქ სხვანაირად ფიქრობ, სხვა ინტერესი გიჩნდება და გინდა ამ იდუმალებაში ღრმად შეხვიდე. იქ საფლავები სიბრტყეზე არ არის. მთა გამოჭრილია და საფლავები შიგნითაა შედგმული. ქვებიც მთის დახრის დარად არის დახრილი. ქვები ჟამთა მსვლელობის გამო გაცვეთილია. ამ საფლავის ქვებზე დაწერილი წინადადებების წაკითხვას ვცდილობდი.

ყველაზე ადრე მთაში ღამდება და უცებ წამოგემხობა თავზე ვარსკვლავებიანი ცის კალთა. აღმართ-დაღმართებია, დროზე შემოდი, ფეხი არ დაგიცდესო, მეძახდნენ.

ცხვარ-ძროხა მწყემსის გარეშე მიდის საბალახოდ და შებინდებისას, ეჟვნების რაკუნით მოდიან ამ ფერდებზე შეფენილები თავიანთი სახლებისკენ... 

ერთი ბანჩანგრეული სახლი იყო და ვთქვი, ამ სახლს ვიყიდი და აქ დავსახლდები-მეთქი. ეს ხმა ისე გავრცელდა, ოღონდ აქ დასახლდეს და ვაჩუქებთო, შემომითვალეს. 

ჩვენ რომ ფილმს ვიღებდით, ხუთიოდე ოჯახი იყო დარჩენილი, სულ გაიცალა იქაურობა. ფასანაურში გადაღების დროს, ზამთრის პირი იყო, გათოვდა. ირგვლივ გადათერთდა არე მარე. დღის მეორე ნახევარი იყო და  მე ისევ იმ სოფელს გავყურებდი, წიფორს. ორ ხარს მარხილით მიცვალებული მიჰყავდა. ფასანაურში გარდაცვლილა და მანამდე ფიცი დაადებინა ოჯახის წევრებს, რა დროსაც არ უნდა გარდავიცვალო, იმ სოფელში მთაში გამოჭრილ საფლავში შემასაფლავეთო. წარმოიდგინეთ, სულ შავებში მოსილი ქალი და კაცი, ხარები მარხილით, რქებზე სანთლებით, სერპანტინზე რომ მიიზლაზნება პროცესია. მიდიოდნენ იმ მთებისკენ. მაშინ პირველად ვინანე მსახიობობა და ვინატრე მხატვრობა. ხატვა რომ შემეძლოს არნახულ ტილოს ხომ შევქმნიდი-მეთქი, ვფიქრობდი.

აი, ამგვარ სიტუაციაში მოიყვანეს ანა ნიჟარაძე. ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე, დედოფალი თუ უნდა ათამაშონ-მეთქი. ნამდვილად შესამჩნევი გოგო იყო, წყნარი, ზრდილი, სათნო, ლამაზი გარეგნობის. ერთი შეხედვით ვერ იტყოდი, ეს ამ როლს გაქაჩავსო, მაგრამ კარგად ითამაშა. მე ხომ მის დედამთილს ვთამაშობ და დედამთილის დასაწუნი არაფერი სჭირდა. ანგელოზივით, განსხვავებული სახის გოგო იყო და იქცევდა კიდეც რეჟისორების ყურადღებას.